დახმარების თხოვნით მოგმართა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩის #114 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა ნაწილმა.
მათივე ინფორმაციით, ამ სახლში ცხოვრება თანდათან უფრო საშიში ხდება – ,,შარშან, ლანჩხუთის მერიისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენო კორპუსის უკანა ფასადის რეაბილიტაცია მოხდებოდა. გვითხრეს, რომ საჭირო თანხა გამოყოფილი იყო და იმედი მოგვეცა, რომ ბოლოსდაბოლოს ღამე მშვიდად დაძინების საშუალება მოგვეცემოდა, აღარ ვიქნებოდით მუდმივი შიშის ქვეშ. თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მოგვატყუილეს. აგერ 2024 წელია და ჯერაც არაფერი სასიკეთო არ ჩანს. არადა, რომ გეკითხათ, 2023 წელს უნდა განხორციელებულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოდიოდნენ აქ ვიღაცეები, ნახულობდნენ არსებულ მდგომარეობას და უკან მიდიოდნენ. რომ ვეტყოდით რა ხდებაო, გვპასუხობდნენ, რომ გაკეთება გვინდა ამ საქმის, მაგრამ ცოტა ფული არის გამოყოფილი და არ გვიღირსო.
ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ეს კორპუსი და რა საფრთხის ქვეშ ვართ აქ მაცხოვრებლები. პრობლემა ახალი არაა, წლებია საყრდენი ბოძები ავარიულ მდგომარეობაშია და დღითიდღე უფრო უარესდება, ქვემოდან რომ ახედავ, ალმატურები ჩანს უკვე. არაფრისგან ვართ დაზღვეულები, არავინ იცის, როდის გამოინგრევა ეს ბოძები! მაინცდამაინც უნდა ჩამოინგრეს, რომ მერე გააკეთონ?! ნელ-ნელა უკვე დაწყებულია ჩამონგრევის პროცესი. შარშან, შენობიდან ჩამოვარდნილი კარგად მოზრდილი ბათქაში, დაეცა კიდეც თავში სადარბაზოში შემომავალ ადამიანს".
ის, რომ ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საყრდენი ბოძები გამაგრებას საჭიროებს, ამაზე უკვე წლებია საუბრობენ კორპუსის მაცხოვრებლები. მათ მერიასაც არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით და პრობლემის გასაცნობად ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელიც მივიდა არაერთგზის. ჯერ იყო და, ქალაქში მერის წარმომადგენლის თანაშემწე ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემას, მოსახლეობის საწუხარი საკუთარი ყურით მოისმინა და შესაბამისი რეაგირების პირობაც გასცა. მორიგ ჯერზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთა თანხლებით, პირადად მივიდა და საკუთარი თვალით იხილა, თუ რა სავალალო მდგომარეობაა რეალურად. მაშინ, მრავალბინიანი სახლის ადგილზე მონახულებისას მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს იქვე მითითებაც მისცა, საკითხი შეესწავლა და შესაბამისი პროექტიც მოემზადებინა.
,,პრობლემას სამუშაოების საწარმოებლად თანხის მოძიება წარმოადგენს. როგორც კი საჭირო თანხა გამოჩნდება, კორპუსის ბოძების გამაგრებითი სამუშაოებიც დაიწყება" – ეს იყო ამ ყველაფრის შემდეგ მუდმივი დაპირება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აქაური მოსახლეობის მიერ გაჟღერებული მოთხოვნებისა თუ კრიტიკული შენიშვნების პასუხად.
თუმცა, 2023 წლის ზაფხულში, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე გაცხადდა, რომ რეგიონული ფონდით გასახორციელებელი პროექტების ნუსხაში მოხვდა ქალაქის ცენტრში, ჟორდანიას 114-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიც. მაშინ, ამის შესახებ ინფორმაცია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ალეკო კირვალიძემ გააჟღერა და თქვა, რომ ზემოთ ნახსენები კორპუსის უკანა ფასადის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად 140 717 ლარის გახარჯვა იგეგმებოდა. ამან კი მოსახლეობას საფუძვლიანი იმედი მისცა, რომ წლობით ნაგროვები მათი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებოდა.
თუმცა, გაირკვა, რომ მიუხედავად იმისა, თანხა გამოჩნდა, კორპუსის ბოძების გამაგრება ამ დრომდე არ მომხდარა და სამწუხაროდ, საქმე სიტყვიერ დაპირებებს არ გასცდენია, პრობლემის აღმოსაფხვრელად მისხალიც არაფერი გაკეთებულა. არადა, სახლი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მისი საყრდენი ბოძები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.
რატომ ვერ შეასრულა მერიამ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა და როდისთვის ჩაუტარდება ჟორდანიას #114 სახლს გამაგრებითი სამუშაოები, ამის გასარკვევად ისევ ალეკო კირვალიძეს დავუკავშირდით.
,,ახლა ამ პროექტის გადაფასება მიმდინარეობს. სამჯერ გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ რადგან არავინ მიიღო მონაწილება, სამივეჯერ ჩავარდა. ახლა პროექტი ავტორს უკან გადაეგზავნა და მიმდინარეობს მისი გადაფასება. ახალი პროექტის შესაბამისად მოვიძიებთ თანხებს და გამოცხადდება ტენდერი. ეს მიმდინარე წელს უნდა მოხდეს" – გვითხრა ალეკო კირვალიძემ.
საგულისხმოა, რომ ჟორდანიას 114-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ერთ-ერთია, რომლის იერ-სახეც, პრემიერის პროგრამის ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ცენტრალური ქუჩის მხრიდან გაალამაზეს და მოაწესრიგეს, თუმცა, მაშინ არავინ დაინტერესებული შიდა ეზოს მხრიდან კორპუსის მდგომარეობით. არადა, სამსართულიანი სახლის საყრდენი ბოძები საკმაოდ დაზიანებულია, კოსმეტიკური სილამაზის უკან მრავალბინიანი სახლის პრობლემები მძლავრობს და დროულ მიხედვას საჭიროებს.
,,კარგია გარე ფასადი, ტროტუარები, ცივილური სახე მიიღო ყველაფერმა, მაგრამ რად გინდა ეს ყველაფერი, თუ სახლის ერთი ნაწილი ჩამოგვენგრა?! ფაქტია, რომ ბოძები ავარიულ მდგომარეობაშია და მიხედვას საჭიროებს, თორემ ერთ დღეს, არაა გამორიცხული, გალამაზებული ფასადის ფონზე ეს სახლი შიდა ეზოს მხრიდან ჩამოინგრეს და ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსგავსი დატრიალდეს”, _ ამბობდნენ მაშინ ამ კორპუსის მობინადრეები.
სოფო წილოსანი
,,იქნებ თქვენ მაინც გაგვარკვიოთ რას გვიპირებენ – აკეთებენ ჩვენს კორპუსს, გვასახლებენ თუ სიკვდილისთვის გვიმეტებენ?!"–
ავტორი: სოფო წილოსანი
ინფრომაციის: წყარო
განყოფილება: ---
გადასვლები: 472