ამ ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება, გარდა ისტორიულისა, იყო არის და იქნება სირცხვილი და ისტორიის ხელყოფა
1920 წლის 14 იანვარს ანტანტის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სხდომიდან 123 წელი გავიდა, სადაც ნოე ჟორდანიამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას“. წარვდექით არა მოწყალებისთვის, არამედ უფლებისათვის! ჩვენ არ ვართ სააპეკუნო ხალხი, ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი აპეკუნი თავისი თავის ბატონი და ეს დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით. ,,თუ თავი ჩვენი თან გვახლავს ღარიბად არ ვიხსენებით“. ეს სიტყვები არც შემთხვევითია და არც აქტუალობას კარგავს, ჩვენს თანამედროვე რეალობაში თუ გერმანელ ფილოსოფოსს გოტფრიდ ვილამ ლაიბნიცს (1646-1716) დავესესხებით: ,,აწმყო მობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“.
განსაკუთრებით მიყვარს და მხიბლავს გურია თავისი პოლიტიკური წარსულით: 1905-1907 წლებში დიდი გურულის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის მეთაურობით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან განვთავისუფლდით ,,გურიის რესპუბლიკის“ სახით, მცირე ხნით, სადაც ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. შემდგომ ამისა, ჩვენი ერის ისტორიაში მოხდა ერთ-ერთი უდიდებულესი ფაქტი-ქართველმა ერმა ნოე ჟორდანიას მეთაურობით აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გურია იყო და არის წარმატებული პოლიტიკოსების სამჭედლო, რომლებმაც შექმნეს ისტორია და თავიანთი მოღვაწეობით პოლიტიკური კვალი დატოვეს. როდესაც პოლიტიკურ კვალზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ყველაზე დიდი კვალი დატოვა. რომ არა ედუარდ შევარდნაძე, დღეს ალბათ ნახევარი ევროპა ისევ საბჭოთა კავშირი იქნებოდა, იმ ევროპის საფუძველი გერმანიის გაერთიანებით ედუარდ შევარდნაძემ ჩაყარა, საითკენაც ასეთი ჟინით მიისწრაფვის ქართველი ერი.
ჩვენ, ქართველები, ემოციური ხალხი ვართ, ადამიანების გაკერპება გვჩვევია. შემდეგ ამ კერპებს ვამსხვრევთ და მის ადგილზე ახალს ვქმნით. თუ ვინმე მკითხავს საქართველოსთვის რა გაუკეთებიაო, ვუპასუხებ, რომ თუ ვინ რა გააკეთა და როგორ, ამას ისტორია შეაფასებს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ბატონმა ედუარდმა თავისუფალი ევროპის მშენებლობისთვის უფრო მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე საქართველოსთვის.
ისევ გურიას დავუბრუნდები, როგორც პოლიტიკოსების სამჭედლოს. ნოესაც და ედუარდსაც ბევრი საერთო აქვთ. მათ სასკოლო განათლება ხომ საქართველოში მიიღეს. მათი პოლიტიკური კარიერა საწყის ეტაპზე უკავშირდება რუსეთს, თუმცა ამ განსაკუთრებული პოლიტიკოსებმა მათი ქმედების აღიარება პოლიტიკური მოღვაწეობით ევროპაში შეძლეს. კერძოდ, ნოე ჟორდანიამ იმდროინდელ ევროპას და მსოფლიოს გააცნო საქართველო და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ერი. ედუარდ შევარდნაძემ კი მსოფლიო დონის აღიარება მოიპოვა. განსაკუთრებით გერმანელებმა აღიარეს მისი ღვაწლი გერმანელი ერის წინაშე. ისინი ორივე ღარიბი გურიიდან იყვნენ. შემთხვევით არ მომიყოლია, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩვენ ჩვენს თანამედროვე რეალობაში ვატარებთ ღონისძიებებს, ნოე ჟორდანიას სახელობის ტურნირს ჭადრაკში. გვეამაყება, რომ ნოე ჟორდანია ლანჩხუთელი იყო. მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპას ვეუბნებით, რომ ედუარდ შევარდნაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დაშლაში. ისინი გურულები იყვნენ? ევროპამ ცნო მათი პოლიტიკური ნიჭი, ისინი აღიარეს ევროპულ პოლიტიკოსებად.
თუ ნოე ჟორდანიას ფოტომატიანეს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ სახლის წინ მდგარს, ბოძზე მიყრდნობილ,ს ოჯახის წევრებთან ერთად, ლანჩხუთში, რა თქმა უნდა. ეს ჩვენი რაიონის ისტორიაა. დღეს კი რა გვაქვს მის ნამოსახლარზე? უფასო სასადილოს ყოფილი შენობა. ნოე ჟორდანიას ბაბუის, რეჯებ ჟორდანიას აშენებული სახლი ბოლშევიკებმა დაანგრიეს და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ის, რაც ნოეს წაართვეს დაგვებრუნებინა მისთვის, ბუნებრივია, ვგულისხმობ სწორედ იმ ადგილს, სადაც სახლი იდგა, მის აღდგენას ჩვენს რეალობაში. ამ ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება, გარდა ისტორიულისა, იყო არის და იქნება სირცხვილი და ისტორიის ხელყოფა.
დამერწმუნეთ, არც ისე კოლოსალურ თანხებს მოითხოვს, რომ რაიონმა ვერ შეძლოს მისი მოძიება. ამასთანავე სამწუხარო ფაქტია ის, რომ ედუარდ შევარდნაძის სახელს ყურადღებას არ ვაქცევთ და რომ იქ მისი სახელობის მუზეუმი არ არსებობს.
ბევრს ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე და არის სასიკეთო ძვრები ამ მიმართულებით, თუმცაღა არანაკლებ მოიზიდავდა ტურისტებს ნოე ჟორდანიას და ედუარდ შევარდნაძის სახლ-მუზეუმები, რომ ფუნქციონირებდეს. ეს იქნება კარგი შემოსავლის წყარო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
ევროპაში, სადაც მიმოგზაურია, ყველგან არაფრისგან ქმნიან მიმზიდველ გარემოს, სადაც ტურისტი უამრავ ფულს ხარჯავს. თუ ვინმე მეტყვის ევროპულ ქვეყნებს სხვა ბიუჯეტი აქვსო, ვეტყოდი, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. უნდა მოხდეს დოტაცია ჩემი აზრით სახელმწიფოს მხრიდან და ამ მიმართულებით თანხების მოძიება.
გერმანელმა ფილოსოფიის დოქტორმა (პ.ი.გ) თქვა: ,,გაუყალბე ადამიანებს ისტორია, ერთი თაობის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათით მანიპულირება ნახირის მართვაზე ადვილი გახდება“. ამიტომაც ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ ჩვენი ისტორია, პატივი ვცეთ ჩვენს ისტორიას. ამგვარად ჩვენ ვიქნებით ამაყნი, რომ ქართველები ვართ. მსოფლიო დონის პოლიტიკოსებს თუ პატივი არ მივაგეთ მათი ისტორიული ფესვების მოვლით, ჩვენ ჩვენივე უმოქმედობის შეგვრცხვება. მივმართავ ყველას, ყველას, ვისთვისაც ჩვენი რაიონი მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ და გავერთიანდეთ ამ საკითხის ირგვლივ, რომ ჩვენი ევროპული პოლიტიკური ისტორიის გურული ფესვები არ გავახმოთ, შევინარჩუნოთ და მოვუაროთ მას.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხისადმი უყურადღებობამ, დაყოფამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვივიწყებთ ისტორიას ჩვენი რაიონისას.
,,რომანტიზმი დავკარგეთ“ დავით დოიაშვილისა არ იყოს, ამიტომ საჭიროა გამოვფხიზლდეთ!
როგორ ვექცევით გურული, მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსების ნოე ჟორდანიას და ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას?
სულხან პატარაია
განყოფილება: ---
გადასვლები: 601