ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სალი კალანდაძე: ,,თანასოფლელთა სახით შევიძინეთ ძალიან დიდი ოჯახი და ერთიანი ძალებით ვცდილობთ აქაურობის შეცვლას უკეთესობისკენ”

სალი კალანდაძე: ,,თანასოფლელთა სახით შევიძინეთ ძალიან დიდი ოჯახი და ერთიანი ძალებით ვცდილობთ აქაურობის შეცვლას უკეთესობისკენ”
9-02-2023, 11:10

,,ჰო და არას” სტუმარია ახალგაზრდა მეწარმე ქალბატონი, რომელმაც მეუღლესთან ერთად დატოვა მშობლიური ქალაქი თბილისი, ჩამოვიდა წინაპართა სოფელში, ნიგოითში და სოფლის მეურნეობას მოჰკიდა ხელი.
_ რამ მიგაღებინათ გადაწყვეტილება ქალაქიდან სოფლად გადმოსახლებულიყავით?
_ ვფიქრობთ, რომ სოფლის მეურნეობა არის განვითარებადი სფერო, რომელშიც დავინახეთ ჩვენი თავი. გადმოსვლამდე ერთი წლით ადრე თითქმის ყოველდღე ვუყურებდით იუთუბზე ვიდეოებს და ვკითხულობდით სხვადასხვა სტატიებს. ვმსჯელობდით, რომელი მიმართულებით დაგვეწყო ეს საქმიანობა. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება.
_ რამდენად რთული დარჩა სოფლის ცხოვრების შეგუება?
_ თბილისის კომფორტს მიჩვეულებს ცოტა გვიჭირს აქ ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთარში, მაგრამ ვცდილობთ აქაც მოვიწყოთ სიმყუდროვე ჩვენი ხელებით. სახლი საუკუნოვანი ოდაა და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მხოლოდ იმ ოთახს ვაკეთებთ, სადაც ხშირად ვატარებთ დროს.
_ სოფლის მეურნეობის რომელ სფეროს მოჰკიდეთ ხელი?
_ შევიძინეთ მარცვლეული კულტურისთვის საჭირო ტექნიკა და დავიწყეთ ოპერირება. ახლა გაცილებით დიდი მიზნებით და შემართებით ვიწყებთ შერეული ბოსტნეულის მოყვანას ახალი  
მეთოდით, რომელსაც ვტესტავთ წელს  პირველად საქართველოში და ამ პროექტის წარმატებით განხორციელება ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს რეგიონს და უშუალოდ სოფელ ნიგოითს. ასევე ვართ სტარტაპერები, გავიმარჯვეთ პროექტ Future AgroChallenge Georgia-ზე და ჩვენი სტარტაპი ,,GELA”(,,GELA”(Grow and educate local Agriculture) ) აპლიკაცია ფერმერებისთვის მიდის საბერძნეთში გლობალურ სტარტაპ სამიტზე, სადაც ვეცდებით მოვიზიდოთ ინვესტორები.
_ ვისთან ერთად საქმიანობთ? მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ.
_ ჩვენი ოჯახი ამჟამად შედგება ჩემი, ჩემი მეუღლის, სამი ძაღლის და ერთი კატისგან.
ძალიან დიდ ჰარმონიაში ვართ სოფელთან ჩვენც და ჩვენი შინაური ცხოველებიც.
ასევე თანასოფლელთა სახით შევიძინეთ ძალიან დიდი ოჯახი და ერთიანი ძალებით ვცდილობთ აქაურობის შეცვლას უკეთესობისკენ.
_ მიგიღიათ თუ არა დაფინანსება სხვადასხვა პროექტებიდან?
_ მივიღეთ მონაწილეობა სოფლის მეურნეობის ტექნიკის თანადაფინანსების პროექტში, შევიძინეთ მეორე ტრაქტორი.
_ რა არის საჭირო ხელისუფლებისგან იმისთვის, რომ სოფელში ახალგაზრდებმა პერსპექტივა დაინახონ?
_ არაფერი, რადგან სოფლის მეურნეობა არის ისეთივე ბიზნესი, როგორც სხვა და ერთადერთი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი მის განვითარებაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმარისს აკეთებს იმისთვის, რომ ეს სფერო განვითარდეს. დანარჩენი მონდომება და შრომა ჩვენზეა.
_ რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს სოფელში დასამკვიდრებლად?
_ ასე პირდაპირ რჩევას და მოწოდებას, რომ სოფელში იცხოვრონ, ვერ მივცემთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აქ ცხოვრება ქალაქთან შედარებით რთულია და თუ გადაწყვეტენ სოფლად წამოსვლას, კარგად მოემზადონ ფინანსურად და ჩამოვიდნენ კარგად მოფიქრებული ბიზნეს იდეით.

განყოფილება: ---
გადასვლები: 288
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა