პარასკევის ,,ჰო და არა"-ში წავიკითხე, თუ როგორ ჩაანაცვლა თვითდასაქმებული სასაფლაოს მომვლელი, რომელსაც ხელფასს კერძო პირები უხდიდნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა პიროვნებით, რომელსაც ხელფასს, აწ უკვე, ბიუჯეტიდან გადაუხდიან. ეს მავნებლობა კი ხდება სახელმწიფოს იმ ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ვითომდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას ითვალისწინებს. სულ ორასი ათასი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული. წელს მხოლოდ 50 ათასის. საიდან მოიტანეს ეს ციფრები? კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ამდენი ვაკანსია არსებობს და დაუსაქმებელმა და დამსაქმებელმა ერთმანეთი ვერ იპოვა? პირდაპირ სულზე მოგვისწრო მთავრობამ! სინამდვილეში თვალთმაქცობენ, დასაქმების ილუზიას ქმნიან. ძალიან გავს საბჭოთა მეთოდს, ყველა რომ დასაქმებული იყო, ეკონომიკა კი ინგრეოდა! სამუშაო ადგილებს ქმნის ღია ბაზარი და კერძო სექტორი, მხოლოდ ასე იქმნება დოვლათი, იზრდება კეთილდღეობა და ეკონომიკა. დასაქმება ბიუჯეტის ხარჯზე პირიქით, ჭამს დოვლათს, ამცირებს ეკონომიკის ზომას და გვაღატაკებს! ხელოვნურად გამოგონილი სამუშაო ადგილი, დასაქმება ლამაზი სტატისტიკისთვის, უფრო საშიში სოციალური მოვლენაა, ვიდრე უმუშევრობა. სახელმწიფოს მცდარი წარმოდგენები საზოგადოების ფუნქციონირებაზე ხალხში აღვივებს ცრუმოლოდინებს, ზრდის სოციალურად შეჭირვებულთა რიგებს და არ ამცირებს. ჩვენი ეკონომიკის პრობლემა სწორედ ისაა, რომ მთავარი დამსაქმებელი სახელმწიფოა. აქტივების 80% ზე მეტის მფლობელი სახელმწიფოა, მილიარდობით დოლარის ქონებას სძინავს, არაა ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში. აი, უმუშევრობის მთავარი მიზეზი. რაც მეტად ჩაერევა სახლმწიფო ეკონომიკაში, უფრო და უფრო ცუდი შედეგები დადგება. სახელმწიფო ქონების განკერძოება, დებიუროკრატიზაცია, გადასახადების შემცირება, ნაკლები ფული ბიუჯეტს და მეტი ფული ხალხს! ასეთ პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკა ქმნის სამუშაო ადგილებს და არა მთავრობა!
პ.ს. ცნობილი ნობელიანტი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი, ჩინეთში იმყოფებოდა, სარწყავი არხის მშენებლობა დაათვალიერებინეს. ხალხი წერაქვით, ნიჩბებით, ხელის ურიკებით მუშაობდა. ტრაქტორებს და ბულდოზერებს რატომ არ იყენებთო, უკითხავს ფრიდმანს, მიუგეს: ასე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებულიო, ფრიდმანმა სარკასტულად უთხრა, სჯობს კოვზებით გათხარონ მეტი ადამიანი ,,დასაქმდებაო!"
სჯობს კოვზებით გათხარონ მეტი ადამიანი ,,დასაქმდება"
ვახტანგ ზენაიშვილი
განყოფილება: ---
გადასვლები: 676