ჩემი თაობა ალბათ ბოლოა მათ შორის, ვისაც თალხსამოსიანი, თავსაფარწაკრული, წელში მოხრილი და ხელჯოხიანი ბებიები გვახსოვს. ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ ჩვენს ცხოვრებაში.
რატომღაც მომინდა ბებიაჩემი გავიხსენო და ის ტკბილი ბებიები მოგაგონოთ, ყველა თქვენგანს რომ გყავდათ.
ბებია, სიმართლისა და სიმკაცრის მოყვარული, პირში მთქმელი ადამიანი იყო. დიდი განათლება არ ჰქონია, თუმცა ძალიან გონიერი იყო. განათლებული ადამიანები ძალიან უყვარდა. პირველად დიპლომი რომ ავიღე და ვაჩვენე, მითხრა - ისე გამახარე ნენა, გინდამც ჩემი პორფილე დამბრუნებოდეს ომიდანო. მოგვიანებით კურსელები მესტუმრნენ, ბევრნი იყვნენ, ბებია ყველას მოეფერა და იკითხა, თქვენ ნენა, ყველა ინჟინერი ხართო? კი ბებია და იქ კიდევ ბევრი არიან ჩვენი მეგობრებიო, უთხრეს. დაფიქრდა და თქვა _ მეშინია ამდენი წვალება წყალში არ ჩაგეყარონ, ამდენი ინჟინრის ადგილი რავა მეინახებაო. მალე აუხდა წინასწარმეტყველება.
ამაყი ქალი იყო ბებია, მაგრამ არცთუ უსაფუძვლოდ. ძალიან კარგი ჭირისუფალი ჰყავდა. ახალგაზრდობაში ლამაზიც ყოფილა, არ ვიცი მგონი ოთხმოცდაათზე მეტის იყო ამქვეყნიდან რომ წავიდა, ასაკს ყოველთვის მალავდა, არც ის ვიცი, რატომ, ალბათ - როგორც ყველა ქალი.
ვინმეს თუ სიკეთეს უკეთებდა, მაშინ იყო ბედნიერი, ომიანობის დროს თურმე ახლო მეზობელი გვყავდა. მამა ომში დაკარგული, დედა ვერ იყო კარგად, ბებია ყველა ჯერზე თავისთან ეძახდა ბავშვებს და მისი შვილების ლუკმას უნაწილებდი. რომ წამოიზარდნენ შეირცხვინეს, მაშინ ბებია საჭმელს ქვაბში ჩაასხმდა და ჩუმად დაუდგამდა მათ სახლის შესასვლელში.
ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა, მიკვირდა. რომ ვიხსენებ ახლა, მართალი ყოფილა თურმე.
,,კაცის სილამაზე (ადამიანი იგულისხმება)ამ ქვეყნად დატოვებული სახელით იზომება ნენა, თვარა მაღალი ალვის ხეიც კია ტყეში.
არავის აფერი შეგეხარბოს, ღმერთს მარტო ჯამრთელობა სთხუე, ხელი და ფეხი იმისა აქ ადამიანს, თავი გეიტანოს.
ნაარმევი (არამი)აფერი გინდოდეს, გემო მარტო შენ ნაშრომს აქ...
წუნწკული (წუწუნი) არაა ლამაზი, არაკაცი აფერს მოგცემს და ქი გაგცინებს კიდომ...
ენის მიმტანი და მაწყევარი დიდ ცოდვას უკეთებს თავსაც და მის მონაგარსაც.
საცხა საჭიროა, ყრუიც უნდა იყო და მუნჯიც, ხანდისხან თვალიც უნდა დეიფსო, რაცხა საჭირო არაა, რომ არ დეინახო...
ის მრავალჭირგამოვლილი და ჯარით დაღლილი ბებიები აღარ არიან, წავიდნენ და მოგონებებს შეუერთდნენ. მხოლო გულის კუნჭულში უჭირავთ პატარა ადგილი და იქ ცხოვრობენ ბავშვობის მოგონებებთან ერთად.
ჰოო, ცხოვრება ტანჯია,ნენა!
მრავალჭირგამოვლილი და ჯარით დაღლილი ბებიები აღარ არიან, წავიდნენ
მარინა ჩხაიძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 702