ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას კვებავთ თქვენ, რას ასწავლით საზოგადოებას?!

14-07-2021, 11:50

ეკლესიასთან ურთიერთობის გზა არის სინანული; საწმუნეობა ესაა პატიება, სასოება, სიყვარული, სიმშვიდე და მიტევება. რაღაც ისე გამოდის, რომ ფანატიზმისკენ მიდის ეს ყველაფერი. ფანატიზმი ნიშნავს რწმენას სიყვარულის გარეშე, რომ სასულიერო პირმა მოუწოდოს ადამიანებს ჩაქოლვისკენ. ამას რა საქმე აქვს სარწმუნოებასთან. მუჰამედი ამბობს: მაშინ მოიპოვებ ბედნიერებას, როცა ხალხში ადამიანებს დაინახავო. ვისში დაინახეს ჩასაქოლავი? ჟურნალისტებში? ტელეოპერატორები ყველაზე ჩუმ საქმეს აკეთებენ, ეს იყო წარმოუდგენელი დანაშაული. ყველა აღელვებული ვართ დღეს და დალაგებულად ვერც ვერავინ ლაპარაკობს. ძალადობა ვისგანაც უნდა მოდიოდეს, არაფრით მართლდება. მოძალადეები არ იყვნენ ის მღვდელთმთავრები და სასულიერო პირები, რომლებმაც ძალადობისკენ მოუწოდეს ადამიანებს, როგორ შეიძლება ესენი დაუსჯელი დარჩნენ, როგორც საეკლესიო, ისე საერო კანონებით.
ძალიან ძნელია ერთი რიგითი სტიქაროსანისაგან ამის თქმა. მამა ანდრია, ჩემთვის იდიალური ადამიანია. თვითონ იცის თქმა და არ გამიჯავრდება თუ გავიმეორებ: თითო-ოროლა შემოვრჩითო ეკლესიაში და მერე ნახავთო. რაღა თქმა უნდა, ეკლესიის შიგნით, უზარმაზარი წინააღმდეგობაა, გავეშებული მიმართებაა სიმდიდრის მიმართ, არნახული სწრაფვაა; ჯიპებზეა ამხედრებული მამაოები. ,,რა  სიკეთეა, როდესაც ზიარების მაგიდაზე უამრავი ოქროს და ვერცხლის ბარძიმებია და შენი ძმა შიმშილით კვდება? დაიწყე მისი შიმშილის დაკმაყოფილებით და მხოლოდ შემდეგ რაც შემოგვრჩება მაგით მორთე ეკლესია.“_ ამბობს იოანე ოქროპირი.
ცოდვა-მადლის განკითხვა თუ ეკლესიას დაავიწყდა, თუ პატიება ეკლესიას დაავიწყდა,  თუ მიტევება ეკლესიას დაავიწყდა, ცუდად წავა საქმე.
დიახ ცოდვილია ის _ მამათმავალი და ლესბოსელი ცოდვილია. შენ ცოდვა უნდა გძულდეს და ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეს და  ჩაქოლვისკენ მოუწოდებ?! რომელი სარწმუნოებაა, რა სარწმუნოება? მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით, მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი? ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე, მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ, ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, სინდისისგან მხილებულნი, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ (იოანე 8, 1-11). ინდიელი პატარა ბავშვი ეკითხება ბაბუას, რაა ბაბუა კეთილი და ბოროტი? ბაბუა პასუხობს: ადამიანში ორი მგელია, კეთილი და ბოროტი და ერთმანეთს ებრძვიანო, რომელი იმარჯვებს ბაბუა კვლავ ეკითხება შვილიშვილი, რომელსაც შენ კვებავ, იგი იმარჯვებსო, ხედავთ რამხელა სიბრძნეა. ე.ი რა გამოდის, რას კვებავთ თქვენ, რას გვასწავლით საზოგადოებას?! ეს არის ამაზრზენი წარმოუდგენელი არასარწმუნოებრივი, არასახელმწიფოებრივი საქციელი.  ბრბო,  რომელიც მასის სიმძიმე და ტვირთია,  დაბლა ექაჩება საზოგადოებას.
როდესაც 2 მილიონი კაცი საზღვარგარეთ რის წასული და იქედან 73 პროცენტი ქალია; ნახევარი მილიონი ადამიანი შემწეობას იღებს, 300 ათას კაცს ერთჯერად საჭმელს აჭმევ და ერთი იმდენი კიდე გაჭირვებულია.
ეს არ შეიძლება რომ გატარდეს, ახლა არის ცვლილებების დროა!
               სოსო კვაჭაძე



განყოფილება: ---
გადასვლები: 1 003
FACEBOOK კომენტარები