ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საიდან იღებს სათავეს „არაჩემიანების“ სამშობლოს მტრად გამოცხადება?!

14-04-2021, 12:13

საიდან მოვედით და სად მივდივართ?! რაში ხედავს ხელისუფლება გამოსავალს?! დავაღწიეთ თუ არა თავი ერთპარტიულ აზროვნებას?! _ ,,ჰო და არას” სტუმარია ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი, რომან ბიწაძე.

ვფიქრობ, ეროვნული მოძრაობა ახალ საფეხურზე 1983 წლიდან გადავიდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამ წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. არა, ეს ის პერიოდია, როცა დისიდენტური მოძრაობა უფრო ლეგალური ხდება, იზრდება დისიდენტური  გამოცემების გავლენა სტუდენტების გარკვეულ ნაწილზე და ფორმირდება ახალგაზრდობის პოლიტიკური აპათიიდან გამოფხიზლების  პროცესი. ამ წელს საბჭოთა საქართველო ზეიმობდა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილეს, რომელსაც არაფორმალებმა (ასე გვეძახდნენ მაშინ) სხვადასხვა ღონისძიებები დავუპირისპირეთ, მათ შორის საწინააღმდეგო მანიფესტაცია. ეს მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო. 
1983 წელს მიხეილ თამარაშვილის ნეშტის ჩამოსვენება იტალიიდან ფაქტობრივად საზოგადოებრივ მანიფესტად გადაიქცა, ისე როგორც ნოემბერში  პავლე ინგოროყვას დაკრძალვა. ამ თარიღს დაემთხვა ე.წ. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე“, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის სრული ლუსტრირება მოახდინა! 1983 წლიდან დღემდე  მართლაც ბევრი რამის მომსწრე მაინც ვარ, თუ არა მონაწილე. ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა 1990 წლის აპრილში ეროვნული ფორუმის გაყოფა იყო. უფრო სწორად ფორუმში დარჩენილების მიერ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. აქედან იღებს ათვლას  „ჩემიანებად“ და „არაჩემიანებად“ საქართველოს დაყოფა, მეტიც „არაჩემიანების“ სამშობლოს მტრად გამოცხადებაც აქედან იღებს სათავეს!
ეკონომიკური მდგომარეობა  რთულია.არა მგონია, რომ ხელისუფლება გამოსავალს ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ დასაქმებაში ხედავდეს. თუნდაც იმიტომ, რომ საკმარისი ვაკანსიები იქ არ არის! სულ ახლახანს  გამოქვეყნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 1000 სამუშაო ადგილის ვაკანსია  ისრაელში. განაცხადი იმაზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება, რაც გერმანიაში დასაქმებაზე გაკეთდა. ანუ, გაცილებით ბევრად ნაკლები დასაქმდება ვიდრე მსურველია. ეს კი ნეგატიურ განწყობებს გაზრდის, რაც ბუნებრივია არ შედის ხელისუფლების ინტერესებში. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის ნომერ პირველ თემად პოლიტიკა გვაქვს. სინამდვილეში ეკონომიკა უნდა იყოს  მთავარი თემა, რადგან იგი ბაზისია. სხვა ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკა, მხოლოდ  ზედნაშენია მასზე! თუ რაიმე ცუდი გადმოგვყვა საბჭოთა წარსულიდან ესაა ეკონომიკური აზროვნების დეფიციტი, ანუ  პრობლემების ეკონომიკურ  პრიზმაში ხედვა, რომელიც ვფიქრობ მალე დასრულდება.
უზნაძე ამბობდა _ ,,გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გხლავართ“-ო. სიღარიბე არაფერ შუაშია, ჩვენში არსებული მონური ფსიქოლოგიაა პრობლემა. მგონი ოტია იოსელიანმა თქვა საქართველოს პრობლემა ის კი არაა, რომ ღარიბი მოსახლეობა ყავს, არამედ ის, რომ მდიდრები ვერ ხვდებიან გაძღომასო. დეტალებში არ შევალ,  ზოგადად სამმოქმედებიან ტრაგედიას ვხედავთ საქართველოს ერთპარტიულობის სცენაზე უკვე 30 წელია. რა არის ეს სამ მოქმედებიანი ტრაგედია? „არა ჩემიანების“ სამშობლოს მტრებად გამოცხადება, მერე ასეთ  „მტრებთან“ ბრძოლა, და ამ ბრძოლაში მარცხი. აი, ამას უნდა დავაღწიოთ თავი, ანუ ნამდვილ საბჭოთა ერთპარტიულობას.

განყოფილება: ---
გადასვლები: 760
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა