ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მონიპოლია - აი, რა უნდა დავამარცხოთ ჩვენ, ყველამ ერთად...

14-04-2021, 12:08

ქვეყანა, სადაც სასწორის ერთ მხარეს დევს მილიონერთა ზეაღმატებულება, მეორე მხარეს კი უმრავლესობის სასოწარკვეთილი სიღარიბე _ რაღა ქვეყანაა.
არადა, ,,არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია!“
ერთ დროს რა ამაყნი ვიყავით ჩვენი საქართველოთი?!
ერთ დროს გვქონდა ღირსება მრავალი...
დღეს ჩვენი ყველა ღირსება ჩვენი გადარჩენისთვის ბრძოლას ეწირება.
დიახ, ბრძოლას... ჩვენი ყოველდღიურობა ხომ ბრძოლაა კიდევ ერთი დღის გათენებისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს არ გვჯეროდეს, რომ დადგება დრო და ყველაფერი შეიცვლება, ოღონდ იმ დღის ნათელი ჯერ არ ჩანს და ეს გვაშფოთებს.
დაუთვლელი პრობლემაა ირგვლივ, დაუთვლელი გულაცრუება პრობლემის გამო.
ერთია, როცა ამ პრობლემებს თავად ვუქმნით ადამიანები საკუთარ თავს _ გამოუცდელობით, გაურკვევლობით, სიახლისადმი წვდომის უნარჩვევების ნაკლებობით, თუნდაც სიზარმაცითაც... და მეორეა, როცა პრობლემა იქმნება სხვათაგან, სწორედ იმ ადამიანისგან, რომელიც შენს ხარჯზე მდიდრდება; შენს ხარჯზე ყელყელაობს; შენს ხარჯზე გაქსუებული ამაყად დაგცქერის ზემოდან. (ვაი, ასეთ სიამაყეს!..)
ერთერთ პრობლემაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რადგან ეს თემა ბოლო დღეებში წამოიწია წინ. ვგულისხმობ საპენსიო სესხების კომერციულ ფასში გაცემას ,,ლიბერთი“ ბანკის მიერ. 
როგორც ,,ლიბერთი“ ბანკის ხელმძღვანელობა აცხადებს, ფასებს ბაზარი არეგულირებს და ასეა საპენსიო სესხების გაცემასთან დაკავშირებითაც.
ტაშს გიკრავთ მილიარდერო ბანკირებო! ნუთუ ერთი წამითაც არ გაფიქრებთ და არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში თქვენს წინაშეა საქართველოს მოსახლეობის უღარიბეს პენსიონერთა ფენა, რომელსაც  კომერციულ ფასში აღებული საპენსიო სესხით კიდევ უფრო აღარიბებთ, უფრო მეტიც, საშიმშილოდ სწირავთ მათ ოჯახებს. დიახ, დიახ, მათ ოჯახებს... საქართველოში ხომ ოჯახების უმრავლესობა სწორედ მოხუცებულთა პენსიით ირჩენს თავს.
უღარიბეს ქვეყანაში ბანკი, რომელიც თავის მხრივ, კომერციას ეფუძნება, ცოტა ზნეობრივიც რომ უნდა იყოს, ნუთუ არ დაფიქრებულხართ ბანკების მეპატრონეებო?! ვგულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევას, როცა პენსიონერებზეა საუბარი. ბანკი ხომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გამტარია სახელმწიფოსა და ხალხს შორის?!
ვიღაცას შეიძლება ეღიმება - ბანკის სინდისზე შეგდება მოინდომაო.
მართლაც ძნელია კომერციულ ბანკს სინდისზე და ზნეობაზე ელაპარაკო. მას თავისი წესები აქვს, რომელიც შეუვალია...
...მაგრამ სახელმწიფო სად არის?! სახელმწიფო, მთავრობა, რომელიც თავის მოქალაქეებზე უნდა ზრუნავდეს, მათ პირდაპირ ხახაში არ უნდა უგდებდეს ადამიანთა გადასასანსლავად პირდაღებულ ბანკებს.
გამოსავალი? ისევ და ისევ კონკურენცია. თავად მოქალაქეს უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება, ნებისმიერ ბანკში უნდა შეეძლოს მას პენსიის აღება, იმის მიხედვით, რომელი ბანკის პირობებიც დააკმაყოფილებს.
დიახ, ჯანსაღი კონკურენცია ბანკებს შორის...
...მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია საქართველოში რაში არის, რომ საბანკო სფეროში იყოს...
აი, ეს არის დამღუპველი.
აი, ეს არის ის, რაც ქვეყნის წინსვლას ამუხრუჭებს.
მონიპოლია _ აი, რა უნდა დავამარცხოთ, ჩვენ ყველამ ერთად...
როგორ?
ამაზე სამომავლოდ ვისაუბროთ.
                             ნონა გიგინეიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 686
FACEBOOK კომენტარები