_ბატონო სოსო, დიდი ხანია, ქართული განალების სისტემა პრობლემატურია და ეს აღარავის უკვირს, მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც ონლაინ სწავლება შემოვიდა, რა მდგომარეობაა, რა შეიცვალა და რა არის გამოსავალი აქედან?
_ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, მადლობელი ვარ იმისათვის, რომ თქვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა - სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოსის უნივერსიტეტის შესასვლელში გამოკრულ აბრაზე არის წარწერა: „ნებისმიერი ერის გასანადგურებლად არ არის საჭირო ატომური ბომბის ან რაკეტების გამოყენება, გააყალბე მოსწავლის პასუხი.” ასეთი ექიმების ხელში პაციენტები იღუპებიან; ასეთი ინჟინრების ხელში ინგრევა შენობები; ასეთი ეკონომისტებისა და ბუღალტრების ხელში იკარგება ფული; რელიგიის ასეთი მეცნიერების ხელში იღუპება კაცობრიობა; ასეთი მოსამართლეების ხელში იკარგება სამართალი“, - წერია აბრაზე.
ასე გაყალბულ მოსწავლის პასუხს, საქართველოში რომ არის, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ, არის მედლებისა და დიპლომების ცვენა, საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები ატესტატებს იღებენ ყოველგვარი გამოცდის გარეშე.
ბენჟამინ სკოტი ამბობს, რომ არ შეიძლება ბავშვებს წესრიგი ხელბორკილებივით შემოაცვა, წესრიგი უნდა იყოს დამყარებული ბავშვის აზროვნებაზე, სკოლა უნდა უნდა იყოს მომართული მოსწავლის აზროვნების განვითარებისაკენ, ,,აზროვნება ზნეობის საფუძველია, რომ იაზროვნო უნდა იცოდე“, ამბობს პასკალი. სკოლამ უნდა გაზარდოს მოსწავლე წინააღმდეგობის დაძლევის უნარით, უნდა ასწავლოს მას შემოქმედებითი აზროვნება. მართალი გითხრათ, იმას არ ვამბობ, რომ ჩვენთან არ არიან თავგადაკლული და მონდომებული მასწავლებლები.
ბევრჯერ მითქვამს თქვენთან და მადლობელი ვარ, რომ ასე ამახვილებთ ყურადღებას _ სისტემური ცვლილებები თუ არ მოხდა, ეს კოსმეტიკური ცვლილებები ვერაფერს მოიტანს. ყველამ იცის საქართველოში რა დღეშია განათლების სისტემა. ის, რომ 134 ქვეყანაში ვართ ბოლო ადგილზე წერაკითხვის ცოდნის მიხედვით, ისე როგორც ხელფასის მიხედვით არის საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზე.
ერთი სიტყვით ძირეული ცვლილებებია საჭირო, ონლაინ სწავლება კი არის, რაღაც ერთი პროცენტია. ამ ყველაფერში, მე თუ მკითხავთ საგანმანათლებლო სისტემა მოაზროვნეების მუხრუჭია. ხშირად ვდგები ბავშვების მხარეს და ვამართლებ მათ, ბავშვს რა უნდა ვინმემ იკითხა?! რაღაცა სულ სხვანაირად უნდა გადაწყობა, ამ სისტემას. ძალიან დიდი პრობლემებია და მე ვერ ვხედავ მცდელობას, ძირფესვიანად შეცვალოს რომელიმე ხელისუფლებამ განათლების სისტემა, ყველა ხელისუფლებას ეშინია ამის, რაღაცას ცვლიან კოსმეტიკურად მხოლოდ.
_ეროვნულ გამოცდებზე ცოტა რამ შეიცვალა. მაგალითად, სადაც საჭირო იყო მათემატიკა, ისტორიით ან ჰუმანიტარული საგნებით ხვდებოდნენ აბიტურიენტები. ეს აღარ არის, კიდევ რა შეიცვალა?!
_მათემატიკაში ბარიერი დაბალია და გადალახვას ახერხებს თითქმის ყველა, მაგრამ მაღალი ქულები უკვე საჭიროებს ცოდნას. 46 მედალოსნიდან, 6-მა თუ 7-მა მიიღო გრანტი შარშან. თუკი რამე შეიძლება გაკეთდეს მედალი უნდა გაუქმდეს ამ პირობებში.
_ მედალი რას აძლევს აბიტურიენტს?
_ მედალი არაფერს არ აძლევს საერთოდ, ჩემს ქვეყანას შევთავაზე ასეთი აზრი, რადგან არ ხერხდება ხარისხიანი სწავლება, მეთორმეტე კლასში პანდემიის გამო ვერ მოდიან მოსწავლეები, გავაკეთოთ ასე თუ მაინც გინდათ მედლები ჩავუთვალოთ მეთერთმეტე კლასის ათიანები, მეთორმეტე კლასელებს მივნიჭოთ ჩათვლის ტიპი, ვიყოთ მოსწავლისკენ.
- არსებობს ასეთი ვერსიებიც, რომ შებრუნდეს ყველაფერი გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და სკოლის ნიშნებზე იყოს დაყრდნობილი უმაღლეს სასწავლებლებში გამსვლელი ქულები, მაშინ რა იქნება?!
_ღმერთმა დაგვიფაროს! კორუფცია წალეკავს სკოლებს!
_აკაკი წერეთელი ამბობს: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა.“ საშველი განათლებაა, მოსწავლის აღზრდაა, აზროვნების სწავლებაა, რას ვასწავლით ჩვენ სკოლაში?! რომ იგი იყოს მდგრადი წინააღმდეგობის მიმართ, ის ფორმულა, რაც ადამიანებს გვაქვს ,,არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს", უბედურება ის კი არაა, რომ დაეცა ადამიანი, ფეხზე წამოდგომა რომ არ სურს, ის არის უბედურება! როდესაც ტყუილად ატესტატს აძლევ, ტყუილად მედალს აძლევ, ტყუილად დიპლომს აძლევ და ა.შ. იმას ჰგონია, რომ ასეა საჭირო. სრულიად მოუმზადებელი ხვდება საქართველო უდიდეს გამოწვევებს, ფაქტიურად დარჩენილი ვართ სპეციალისტების გარეშე, ყველა სფეროში. იტყვის კაცი თითოოროლა ბავშვი როგორ არ არის ვინც სწავლობს? არის! მაგრამ თითო ოროლა კარგი მოსწავლე იქნება ყირგიზეთშიც, რომელიც ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა განათლების მხვრივ მსოფლიოში.
სკოლა უნდა იყოს განათლების კერა, განათლების კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს, მშობლის კულტურაა ის, რომ მიხვდეს რატომ იხდის არაფრის სწავლებაში ფულს?
_ პროფესიული სწავლება დღემდე რომ არა არის პოპულარული ეს რისი ბრალია?
_ მოსწავლე აღმოვაჩინე ერთი, ძალიან ნიჭიერი, რომელმაც მითხრა, რომ კულინარიის სწავლა აინტერესებს და რაღაცა მომეხმარეო. მე რა უნდა მოგეხმარო-მეთქი ვუთხარი, საჭმლის გაკეთება მე არ ვიცი და სხვა რითი უნდა მოგეხმარო-მეთქი. მახჩობენ სახლში და გარეთო, მერე ვუთხარი მშობელს, რომ აქვს ამ ბავშვს ეს ინტერესი და გაყვეს ამ ინტერესს.
თუ იცით თქვენ სტატისტიკა?! რამდენი იურისტი გვყავს იმის 2 პროცენტი არ გვჭირდება.
_ თქვენ ბრძანდებით მათემატიკოსი. მოსწავლეს ელემენტარული მათემატიკა ხომ სჭირდება მაინც, თუნდაც პროფესიული განათლება მიიღოს. ამას ხომ ვერ ავცდებით მაინც?!
_ დიფერენცირებული სწავლების შემთხვევაში მათემატიკა და ქართული ენა სავალდებულო იქნება. მე-10 კლასიდან ექნება მოსწავლეს გაძლიერებული მათემატიკა, ჩემთან რომ დაჯდება ნიჭიერი მოსწავლე, რომელსაც მათემატიკაში თუნდაც აქვს სანახევრო მიდრეკილება, იმას რომ 10 გაკვეთილს ჩავუტარებ, რად უნდა მას მომზადება, მაგრამ დარწმუნებული ვარ პირველივე დღიდანვე გააცუნცულებენ იმას რეპეტიტორებთან.
რეპეტიტორობა კი არაა ცუდი სიტყვა, მაგრამ რეპეტიტორობა ჩვენთან ანგრევს სკოლას, ურტყამს პირდაპირ განათლების სისტემას!
_ ცოდნის გაყალბებაში მთავარი ხომ მაინც სკოლაა?!
_ დაავიწყეს ბავშვებს, რომ სწავლაა მისი მოვალეობა, მათ მარტო უფლება შეახსენეს. ტვირთის ზიდვა, სიტუაციაში გარკვევა ბავშმა უნდა ისწავლოს ბავშვობიდან, მისი მონაგარი უნდა იყოს ის ათიანი, მედალი, ატესტატი, თუ დიპლომი და ყველაფერი თუ იქნება ტყუილად, ხედავთ თქვენ სტელენბოსის უნივერსიტეტის შესასვლელში გამოკრულ აბრაზე, რაც წერია იმის კლასიკური ნიმუშია საქართველო. გაყალბებულია, ატესტატიც, მედალიც, დიპლომიც და დოქტორის ხარისხიც.
ხომ არ ფიქრობთ იმას, რომ კერძო უნივერსიტეტი საკუთარი პროგრამის მიხედვით ასწავლის? ამას ვინ დაანებებს?! ერთში ვეთანხმები იმ სტუდენტებს, ვინც გადასახადებს ვერ იხდის, იგი ვერ იღებს იმ ცოდნის ნახევარს ხარისხის მიხედვით, როდესაც არის სწავლების ონლაინ რეჟიმში, ამიტომაც გადასახადიც უნდა გაუნახევრონ.
რაც შეეხება სკოლას, ერთი რამეც უნდა ვთქვა, სანამდე უნდა გვატარონ მასწავლებლები ამ ტრენინგებზე, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მათემატიკა უნდა ისწავლებოდეს მათემატიკით და არა რაღაც გარეგნული მხარით, რაღაც გაფორმებით და ამგვარი რამით.
...გამახარა ჩემი სკოლის დირექტორმა იმით, რომ თურმე საკონტროლო თუ დაწერა მოსწავლემ უნდა გაასწოროს თავად, ჰოდა ვუთხარი _ ახლა წაღმაა ჩვენი საქმე-მეთქი, აქამდე ვსდევდი მოსწავლეებს საკონტროლო დაეწერათ, თუ არა ნული ეწერებათ. ახლა იმ 120 მოსწავლეს, რომელსაც მე ვასწავლი, უნდა ვსდიო გაასწოროს საკონტროლო და ამდენ სირბილში ქე მევიტეხ ძამა კისერს-მეთქი და დევისვენებთ ერთად მეც და ჩემი მოსწავლეებიც......
ხანდახან ვუგებ ბევშვებს იმაში, რომ გაბეზრდნენ, სკოლა არ უნდათ. კი არ ვახალისებ ამას, რომ ბავშვისკენ თუ გინდა იყო უნდა წაახალისო, მაგრამ წახალისებას ეძახის ესენი რას? წაახალისო უმეცრება, ჩაუჩურთო თავში უფლება და მოვალეობა არა! მისთვის არ ივარგებს ეს ყველაფერი. მართლა იმისთანა დონის მოსწავლეები მეგულება სტუდენტები, გაოცებული ვარ! რა გენაღვლება შენო, მეტყვიან ზოგიერთები. როგორ თუ არ მენაღვლება?! 120 წლის სახლში ვცხოვრობ და ჩემი ოჯახიდან ცხრა პედაგოგი ვართ, ჩიბათში ბაბუაჩემი ოთხ საგანს ასწავლიდა, ახალ ნაოპერაციები 25 წლის კაცი მივიდა სკოლაში, ორძელზე ბავშვი ვარჯიშობდა, ჩამოვარდა და დაიჭირა მან. ვეღარ გადაარჩინეს შეეწირა მოწამეობრივი სიკვდილით ბავშვის სიცოცხლეს. კი არ ვამბობ იმას, რომ ეს სკოლა მისი სახელობის იყოს, მაგრამ პატარა მინიშნება, რომ იყოს მე მგონი უპრიანი იქნება.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ, რა კურიოზები გახსენდებათ, ამ ბოლო პერიოდის სასკოლო ცხოვრებიდან?
_ არსებობს კომიკური უცოდინრობის ეფექტი, ხშირად მითქვამს ამაზე, ეს დაცინვა კი არ არის?! მაგალითად: იქს კვადრატი (ხ2) და კვადრატში რომ იქსს ჩახატავ, ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, ბავშმა გაიცინოს და დაფიქრდეს, რომ ცოდნა აუცილებელია, ახლა ეს აღარ ჭრის იმიტომ, რომ კომიკური უცოდინარობის ეფექტში მყოფი ხალხი სტუდენტები არიან და შემდეგ გვევლინებიან საპასუხისმგებლო სამსახურებში.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, თქვენი გაზეთის საშუალებით: გინდათ საქრთველო გადარჩეს, ჩემო კეთილო ხალხო? ნუ გავაყალბებთ მოსწავლის პასუხს!
მაია კუკულაძე
თუ გვინდა საქართველო გადარჩეს, ნუ გავაყალბებთ მოსწავლის პასუხს! - მათემატიკოსი სოსო კვაჭაძე
განყოფილება: ---
გადასვლები: 942