ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ერთ საკითხზე დამაფიქრა. ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, რაც ქვეყანაში დამოუკიდებლობა გამოცხადდა ვერც ერთი საკითხი, ვერც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ვერ გადაიჭრა მოლაპარაკების გზით.
დავიწყოთ თავიდან.
პირველ ეროვნულ პარლამენტში უკეთესი სამშობლოს აღმშენებლობის მოტივით, კომუნისტების ფრაქცია, რომელიც უმცირესობაში იყო, პარლამენტიდან გამოაგდეს. ასე დაიწყო ჩვენი გახლეჩვა. არადა, სხვათა შორის, იმ კომუნისტებშიც იყვნენ დამსახურებული ადამიანებიც, შეიძლება ბევრად უფრო პატიოსანნიც, ღირსეულნიც, ვიდრე ზოგიერთი ვაიპატრიოტი...
მერე ვერ მოილაპარაკა ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც შუაზე გაიყო და დაპირისპირება სამოქალაქო ომით დასრულდა. ტყვია ვესროლეთ ერთმანეთს რუსთაველზე და დავმარხეთ კიდევაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა...
მერე ვერ მოველაპარაკეთ აფხაზებსა და ოსებს...
და მერე ტყვია გახდა მოლაპარაკების საშუალება.
შედეგი?
დაკარგული ტერიტორიები. ომებში ჩახოცილი ახალგაზრდობა...
მერე ვერ მოილაპარაკეს შევარდნაძე-ჟიული შარტავას და გამსახურდია-ქობალიას მხარემ, ჯარით არ შეეშველნენ ერთმანეთს _ ისევ ღალატი სახელმწიფო ინტერესების _ შედეგად დაკარგული ტერიტორიები.
მერე შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდი _ ვერ მოვილაპარაკეთ არჩევნების შედეგებზე და ვარდების რევოლუციის შედეგად ისევ ერთპარტიული მმართველობა, დაშვებული შეცდომები და 2008 წლის ომი, ისევ დამატებით დაკარგული ტერიტორიები.
მერე ,,ოცნება“...
კოჰაბიტაცია...
კვლავ გაუტანლობა, ერთმანეთის დაუნდობლობა, ზიზღი პირდაპირი გაგებით.
ერთმანეთთან ბრძოლაში ძაღლებიც კი ხვდებიან, რომ მგელი როცა გამოჩნდება, ერთმანეთს არ უნდა ებრძოლონ...
ჩვენს პოლიტიკოსებს ამის შეგრძნება არა აქვთ...
ნუთუ ვერ ხედავენ ხახადაღებული, კარს მომდგარი რუსეთისგან საშიშროებას?!
ჩვენ ოფიციალურად აღარ ვლაპარაკობთ უკვე კარგა ხანია რუსეთთან, განწყობილებით _ რა აზრი აქვს, პუტინი მაინც გვიგანებს... ვფიქრობ, უფრო შნო არა გვაქვს და დონე არ გვყოფნის მასთან სალაპარაკოდ...
აღარ ვლაპარაკობთ არც აფხაზებსა და არც ოსებთან _ მოტივით _ რა აზრი აქვს, მათი სახით მაინც რუსებთან გვაქვს საქმე...
თუმცა ეს რაღა სათქმელია, გარეშესთან საუბარი კი არა, ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით თუ ევროკავშირის წარმომადგენლები არ ჩამოვიდნენ ჩვენს მოსარიგებლად, იმათ გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა არ შეგვიძლია, იმდენად ვერ ვიტანთ ერთმანეთს...
_ მაშინ, როცა ასეთი ეკონომიკური კრიზისია, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ერთი პოლოტიკური პარტიაც კი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ხალხის ინტერესებს გაითვალისწინებდა და რაღაცას დათმობდა თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან, მითუმეტეს ეს არ გააკეთა უმრავლესობით მოსულმა მმართველმა პარტიამ...
ტრადიცია გრძელდება _ არა, მოლაპარაკებას! არც ერთი ნაბიჯი უკან!..
ხალხმა დასკვნა უნდა გააკეთოს, ფიქრობს კი ვინმე მათ მომავალზე, ანუ ქვეყნის მომავალზე?!
სად არის ჭეშმარიტი გზა?!
პ.ს.
შაჰაბასს უთქვამს თავის დროზე: ,,ღმერთმა დაიფაროს ქართველობამ პირი შეკრას, მთელ მსოფლიოს დააჩოქებენო’’...
ყველაფერი პირიქითაა...
სამწუხაროდ!
საიდან მოდის მოულაპარაკებლობის ტრადიცია?
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: ---
გადასვლები: 770