ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლესის, ჭინათის, ბაღლეფის, გულიანის, ეწრისა და ჯურუყვეთის მოსახლეობის ღია წერილი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, გურიის გუბერნატორს, ბატონ გიორგი სახოკიას!

17-03-2021, 11:55

ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების, მოსახლეობის ოცნება და თხოვნა გრძელდება. ალბათ ოცდაათი წელია სამი მთავრობა მოვიდა და ყველასთან ამ საკითხს ვაყენებდით. სასიცოცხლო ჰაერივით გვჭირდება ელექტრო მატარებლები ორი მიმართულებით, რომელიც დილის 10 საათისთვის იქნება ლანჩხუთის სადგურში, ერთი წავა ქუთაისის, მეორე _ ბათუმის მიმართულებით. ამ საკითხს ვაყენებთ აკაკი ჩხაიძის დირექტორობიდან დღემდე ყველა მთავრობასთან და ვერა და ვერ მივაღწიეთ.
ბატონო ვასილ, თქვენი მაჟორიტარად წარდგენის დღესაც ეს საკითხი დავაყენეთ თუ გახსოვთ, იმედია თქვენ მაინც არ დაგვიწყებიათ და არც ჩვენ დაგვვიწყებია თქვენი და ყოფილი გუბერნატორის, ბატონ ნასარაიას ერთხმად ნათქვამი სიტყვა, ჩვენ ძველი რკინიგზელები ვართ და არ გაგვიჭირდება აღნიშნული საკითხის მოგვარებაო, გაგვიცხადეთ შეხვედრით კმაყოფილებმა. გავიდა ხანი. გვესმის, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერც თქვენ მოაგვარებდით ამ საკითხს და არც ჩვენ მოგვითხოვია. ვხედავდით როგორ დაჯირითობდა რკინიგზაზე ელექტრომატარებლები მხოლოდ რკინიგზელებისთვის, გარეშე პირს არ უშვებდნენ.
ბატონო ვასილ, ახლა მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ამოძრავდნენ სახალხო მატარებლები, ხომ არ მოვიდა დრო ვიზრუნოთ მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე?! ხომ ამბობთ ხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართო, რაც ზოგ-ზოგებს არ სჯერათ. თუ გინდათ, რომ ეს ხალხმა დაიჯეროს, ახლა გეძლევათ შანსი, რომ დაანახოთ და დააჯეროთ ყველას, რომ ხალხია თქვენი საზრუნავი და საფიქრალი.
ახლა ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ ითხოვს ხალხი ასე გამწარებული ე.წ. ელექტრიჩკებს?
იმიტომ ბატონო, რომ სხვა ტრანსპორტთან შედარებით იაფი ჯდება მიმოსვლა.
სოფელში რომ გლეხმა ერთი კალათი პომიდორი და კიტრი, ან მწვანილი წაიღოს ბაზარზე, ეს აღებული თანხა მგზავრობაში უნდა გადაიხადოს და სახლში პურის გარეშე უნდა დაბრუნდეს. თუ გლეხმა რამე საბაზროდ წაირჩინა, რომ პური და წამალი იყიდეს, ვერ მიაქვს, იმიტომ რომ მგზავრობა ძვირია. თუ გვინდა სოფლის მოსახლეობას ხელი შეუწყოთ, მაშინ უნდა ვეძებოთ გზები, რომ სოფლები არ დაგვეცალოს. 
არ დაგიმალავთ, ბატონო ვასილ და ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ, ყველა გზა ვცადეთ, პრესით, ტელევიზიით პრემიერ მინისტრიდან დაწყეული ყველა ინსტანცია მოვიარეთ თხოვნით თუ განცხადებებით, რომლის თარიღები და ქვითრები აკინძული გვაქვს და შედეგი ნული.
უმორჩუილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ სოფლის მოსახლეობის ეს თხოვნა, ჩადგეთ ჩვენს მდგომარეობაში და გაგვიწიოთ შუამდგომლობა რკინიგზის დეპარტამენტთან ორი ელექტრიჩკის გამოყოფის თაობაზე, რითაც საშუალება მოგვეცემა ყველა მიმართულებით ვიმოგზაუროთ და საღამოს დღის სინათლეზე დავბრუნდეთ ოჯახში.
თხოვნა გვაქვს ახალ გუბერნატორთან, მასაც აქვს საშუალება თავისი სიტყვა თქვას აღნიშული საკითხის მოგვარებაში.
მოსახლეობის სახელით 

დიმიტრი ბერიძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 1 160
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა