ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პირველი გამარჯვება, ლანჩხუთის ძველი საავადმყოფოს ფუნქიონირების ირგვლივ

29-01-2021, 12:30

ლანჩხუთის ძველი საავადმყოფოს მედპერსონალის, საზოგადოების და მედიასაშუალებების მცდელობამ შედეგი გამოიღო. საავადმყოფოს პერსონალს  ხელფასები ჩაერიცხა, თუმცა ეს დასაწყისია, მთავარია ის, რომ ლანჩხუთის ისტორიული საავადმყოფო შენარჩუნდეს, 70-მა თანამშრომელმა სამსახური არ დაკარგოს და ყველაზე მთავარი კი ისაა, პაციენტს საშუალება ჰქონდეს მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ამ საავადმყოფოში.
,,ლანჩხუთის რეგიონალური ჯანდაცვის თანამშრომლებზე სახელფასო დავალიანების დარიცხვა დაიწყო, პირველი გამარჯვება არის! ასეა, ვინც იბრძვის ის იმარჯვებს! თუ ბრძოლა გაგრძელდება, საავადმყოფოს არსებობაც გაგრძელდება!!!“ - წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, კახა ასკურავა. იგივე თემას  სოციალურ ქსელში ეხმაურება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი ირმა მგელაძე.
ძველი საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე დღის წინ აქცია გამართა საავადმყოფოს მედპერსონალმა.  ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ლანჩხუთის საავადმყოფოს ფუნქციონირება უნდა შეეჩერებინა. 70-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გამო შეშფოთებულმა საავადმყოფოს თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში პოსტები დაწერეს, მედიამ საკითხი მაშინვე აიტაცა. ექიმები და ექთნები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კოლექტივს მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა გააცნო და მაღალჩინოსანი უმუშევრად დარჩენილებს დაემუქრა კიდეც. როგორც მედპერსონალის დიდმა ნაწილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,  საავადმყოფოს, პერსონალის მიმართ 6 თვიანი სახელფასო დავალიანება გააჩნია, მინისტრის მოადგილემ კი თანამშრომლებს უთხრა, რომ სახელფასო დავალიანებას და ორთვიან კომპენსაციას იმ შემთხვევაში მიიღებენ თუ ენას კბილს დააჭერენ და საავადმყოფოს დახურვის თემაზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრებენ. 
შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და პარლამენტის მაჟორიტარ,  ვასილ ჩიგოგიძესთან მას შემდეგ შედგა, რაც ჟურნალისტები საავადმყოფოს ტერიტორიას მართლაც ,,მოაშორეს“. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი მიდგომა მედიის მიმართ ბოლო პერიოდში თითქმის არ გვახსოვს. 
რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, ზემოთ აღნიშნული ჯერ ზღვაში წვეთია.
როგორც ცნობილი ხდება ძველი საავადმყოფოს ქონება მეპატრონემ იპოთეკით დატვირთა, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ქონებას ყადარა აქვს დადებული. საავადმყოფოს ფლობდა კომპანია ,,ადითი", რომელიც ისრაელის სამედიცინო კომპანია ,,აიჰოპის" შვილობილია, იგი საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. კომპანიას საქართველოს 27 რაიონში, ,,100 ახალი საავადმყოფოს" პროექტის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოები უნდა აეშენებინა.
თუმცა ,,აიჰოპმა" აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და 2010 წლის ივლისში, კომპანია ,,100 ახალი საავადმყოფოს" პროექტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამოაშორეს. 
შემდეგ მთავრობას ,,100 ახალი საავადმყოფოს" პროექტი ჩაუვარდა და საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის დასარეგულირებლად ახალი პროექტი შესთავაზეს. გამოაცხადეს ტენდერი, რომლის თანახმად, გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს ახალი ობიექტების მშენებლობა დაევალათ. ტენდერში გამარჯვებული ფირმებიდან, ერთ-ერთი იყო შპს ,,ადითი", რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავრობის მიერ გაკრიტიკებული ,,აიჰოპის" შვილობილი კომპანიაა. ,,ადითმა" მოახერხა და საავადმყოფოები საქართველოს 9 ქალაქში შეიძინა _ მათ შორის, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.  იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით უცნობი იყო რა ეწერა  სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებაში კომპანიას, რომელმაც საავადმყოფოებში შესვლისთანავე მედპერსონალს ხელფასები გაუნახევრა; ბოლოს კი კადრებიც მინიმუმამდე დაიყვანა. ,,ადითმა"  კუთვნილ საავადმყოფოებში მინიმალური პირობები ვერ შექმნა. ამის შემდეგ მედიკოსები მრავალჯერ გაიფიცნენ,  გვიანდებოდა ხელფასები, ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთობა სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდა.
2016 წლის იანვარში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც  ფონდ „ქართუს“ უნდა დაეფინანსებინა.
ამასთან დაკავშირებით რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნუგზარ ბოლქვაძე  შეხვდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ბატონმა ნუგზარმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის გეგმა წარუდგინა. მისი თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ, თვენახევარში დაიწყებოდა. გარემონტდებოდა შენობის მეორე სართული, სადაც მოეწყობოდა სამეანო-საოპერაციო, ახალშობილის რეანიმიაციის, ქირურგიის, გასტეროსკოპიის, პოსტოპერაციული და ა.შ. კაბინეტები. სტაციონარი 20 საწოლზე იქნებოდა გათვლილი. სამუშაოები 2017 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფონდმა ,,ქართუმ“ ეს ყველაფერი გადაიფიქრა.
დღეის მდგომარეობით ირკვევა, რომ აღნიშნული საავადმყოფოს ქონება დაყადარებულია,  რომლის პირობები უცნობია, პარალელურადვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფო ქონების შესყიდვაზე პრეტენია გააჩნია არაერთ კომპანიას, ერთ-ერთ მათგანს ამ შენობაში მოხუცებულთა სახლის მოწყობაც ჰქონია გადაწყვეტილი, რაზეც  ჩვენ მოკვლევის შემდეგ მოგიყვებით.
მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 625
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა