ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სად აქვს ბებოს გაკეთებულ საჭმელს და ბაბუს დაწურულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და სად ეპატიჟებიან ყველა გამვლელ-გამომვლელს ეზოში?!

20-01-2021, 12:24

როგორი თავისებური ხიბლი აქვს წელიწადის ყველა სეზონს, განსაკუთრებით მაშინ თუ გურიაში ხარ. იალონზე იწყება ბებიეს და ბაბუას ფაციფუცი სახლში: ცეცხლის დანთება, ღუმელში კეცზე დადებული ჭადი და გვერდით ხაჭაპური, ფეჩზე შემოდგმული ლობიო; უცებ ბაბუა შემოდის გათოშოლი გარედან და თავისი დაწურული ადესა შემოაქვს და ფეჩის ძირას ჩამომჯდარი ელოდება როდის გაამზადებს ბებო საჭმელს, რომ ოჯახთან და საყვარელ შვილიშვილთან ერთად დაჯდეს და ეს მთელი გულით და სიყვარულით დაწურული ღვინო ბებიის ტკბილი ხელებით გაკეთებულ საჭმელთან ერთად მიირთვას. 
...გარეთ თოვს, სიცივეა, ცუდი ამინდია და განა რა ჯობია ასეთ ამინდში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად მაგიდასთან შემოსხდომას?! ძველ ამბებს გაახსენებინებ, მოაყოლებ, იხალისებთ, მერე კალთაში ჩაგიჯენს და რამდენი წლისაც არ უნდა იყო გეფერება, გკოცნის და გიყვება როგორი რუდუნებით გაზრდილი ყავხარ და როგორი კაი უნდა იყო. დიპლომი აუცილებლად უნდა მიუტანო და კაი ოჯახის ქალიც უნდა მიუყვანო, განა რა გულმა უნდა გიქნას, რომ მათ თხოვნა არ შეუსრულო?! სადმე რომ დააპირებ წასვლას, როგორ მოგსდევენ ქუდებით, ქურთუკებით, კაშნებით _ შეგფუთავენ, თან გულდაწყვეტილი გეუნებიან _ სა მიხვალ ახლა ამ ყინვა-ყიამეთში, სახლში გაჩერდიო _ ზუსტად ამ სიტყვებით. წინა მეზობელთანაც რომ გადადიოდე, მაინც ღია კარებიდან გიყურებენ, სანამ თვალს არ მოეფარები, და განა ვის შეიძლება უყვარდე ბაბუაზე და ბებიაზე მეტად?! ყველა კუთხის ბებო და ბაბუ კეთილი და მოსიყვარულე არიან, მაგრამ გურიაში, რომ იციან, ისე არავინ იცის. აქ სულ სხვანაირად უხარიათ სიცოცხლე, აქ მუდამ სიკეთით ანთებული თვალებით გელოდებიან, აქ ბებოს გაკეთებულ საჭმელს და ბაბუს დაწურულ ღვინოს სხვა გემო აქვს, აქ სხვანაირი სიყვარული იციან, აქ ყველა გამვლელ-გამომვლელს ეზოში ეპატიჟებიან, თბილ ფეჩთან, ცხელ საჭმელზე, ეს იმიტომ, რომ აქ ყველა უყვართ. არ მეგულება ადამიანი, რომელიც აუგს იტყვის გურიაზე, ყველას უყვარს აქ ჩამოსვლა, აქაურების მასპინძლობა... 
არ დაიჯეროთ, ბებიაზე და ბაბუაზე მეტად ვერავინ შეგიყვარებთ. მე მიყვარს გურია, მიყვარს ბებიაჩემი და აწ გადაცვლილი ბაბუჩემი. 
მრავალ შობა-ახალ წელს გურულებო!


გიორგი ფირცხალაიშვილი

განყოფილება: ---
გადასვლები: 73
FACEBOOK კომენტარები