ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გელა გეგუჩაძე: ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, თქვენი საკეთებელი საქართველოშია!

20-01-2021, 11:58

როგორც ამბობენ,  მასწავლებლობა, როგორც პროფესია, გარკვეულწილად გმირობის ტოლფასია. ეს არ არის ის დარგი, რომელსაც მხოლოდ ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლისთვის ირჩევენ. საერთოდაც, უმეტესად,  ეს არა არჩევანის, არამედ სულიერი მოწოდების შედეგია. იყო კარგი მასწავლებელი ნიშნავს, შეგეძლოს ყველა მოზარდთან ინდივიდუალური მიდგომა, მისი სუსტი წერტილების აღმოფხვრა, ცოდნისა და გამოცდილების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,სიყვარულისა და სითბოს გაზიარება. 
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების უმაღლეს ზღვარზე მყოფი თაობისთვის სულ უფრო ძნელი ხდება ცოდნის მიღებისადმი დაინტერესება და სწორედ ამის გამო,  მასწავლებლების მონდონება და შრომა გაორმაგებას მოითხოვს. 
ვფიქრობ,  საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ზერელე დამოკიდებულება აქვს ამ პროფესიისადმი. სამწუხაროდ,  ისინი ვერ აცნობიერებენ ამ საქმიანობის სირთულეს.  როცა ხარ მასწავლებელი,  ერთდროულად უნდა შეგეძლოს, მოსწავლეებს მისცე ცოდნა, უჩვენო სწორი გზა, რომელიც მათ სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ ადამიანად ყოფნაში დაეხმარება, გარკვეული მეთოდებით „დააძალო" მათ, კარგად ისწავლონ, მაგრამ ისე, რომ არც ზედმეტი მოსთხოვო, რაც ბავშვების მხრიდან გულის აცრუებას გამოიწვევს. 
მასწავლებლის პროფესია ითვალისწინებს უამრავ ასპექტს. პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს ყველა მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი,  შეითავსოს მშობლისა და მეგობრის ფუნქციები.
ზემოთ განხილული მიზეზების გარდა, ამ სფეროში მუშაობას გაცილებით მეტად ართულებს დღევანდელი ეპიდვითარება, როცა საგაკვეთილო პროცესებმა საკლასო ოთახებიდან ინტერნეტ პლატფორმაზე გადაინაცვლა, რაც, უდავოდ, აძნელებს, როგორც მასწავლებლის მუშაობასა და ინფორმაციის მოსწავლეებისადმი მიწოდებას, ასევე, მოსწავლეების მხრიდან ახალი ინფორმაციის გაგება-გააზრებას. საბოლოოდ ყველასათვის ცხადია, რომ ონლაინ გაკვეთილები ვერ მისცემს მოზარდებს სრულყოფილ განათლებას. ამ და სხვა საინტერესო თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ნიგოითის საჯარო სკოლის პედაგოგს,  გელა გეგუჩაძეს, რომელსაც იცნობს მთელი რაიონი, როგორც ნამდვილ პროფესიონალს. გელა გეგუჩაძე არის ის პიროვნება, რომელიც მოსწავლეებს მოუწოდებს არა მარტო ცოდნის მიღებისკენ, არამედ ზნეობის, ჰუმანურობისა და პატრიოტიზმის გაღვივებისკენაც.
-მოგესალმებით,  ბატონო გელა. პირველ რიგში,  შობა-ახალ წელს გილოცავთ.  ჯანმრთელობისა და სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახისთვის. 
დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე,  ძალიან აქტუალური საკითხია სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლა. ხშირად გვესმის კითხვა: რამდენად მისაწვდომი და ეფექტურია ონლაინ სწავლება მოზარდებისთვის?
რა თქმა უნდა,  საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით იმ პიროვნების აზრი, რომელიც თავად არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში. გთხოვთ გვიამბოთ რამდენად ახერხებთ თქვენი სათქმელის მიტანას მოსწავლეებამდე და რა სირთულეები გხვდებათ ყოველდღიურად ამასთან დაკავშირებით?
-პირველ ყოვლისა, მივესალმები ,,ჰო და არას" მკითხველებს  და მივულოცავ შობა-ახალ წელს!..რაც შეეხება დასმულ კითხვას, გიპასუხებთ, პანდემიის გამო სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმმა მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ტექნოლოგიურმა სირთულეებმა, მისმა გაუმართაობამ, ონლაინ რეჟიმით მუშაობის არცოდნამ და სხვა პრობლემებმა ხარვეზებით წარმართა სასწავლო პროცესი. ინტერნეტ ქსელი იმდენად გადატვირთული ან გაუმართავია, რომ წარმოუდგენელია რაიმე სრულფასოვნებაზე საუბარი. ამას ისიც ემატება, რომ მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორიას საერთოდ არა აქვთ ინტერნეტთან წვდომა. აქედან გამომდინარე, აღვნიშნავ, რომ არაერთ გაუთვალისწინებელ სირთულეს ვაწყდებით. კოლეგები დამეთანხმებიან, ცოცხალ გაკვეთილს საკლასო ოთახში ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ გვაქვს.  დღევანდელი ონლაინ გაკვეთილების შედეგები უახლოეს მომავალში აისახება განათლების დონეზე.
- თქვენი აზრით,  რამდენად ჩამოყალიბებული და სრულყოფილი განათლების სისტემა გვაქვს საქართველოში? თუ არის რამე ისეთი, რაც არ მოგწონთ და შეცვლას საჭიროებს? ზოგადად,  როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
- ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი საკეთებელია. ტექნოლოგიების საუკუნე მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. განსაკუთრებით მისახედია სოფლის სკოლა. მისი მატერიალური სივიწროვე არ აძლევს მას საშუალებას შექმნას დროის შესაბამისი ბაზა, რაც საბოლოოდ კონკურენტუნარიანობას წაართმევს და დაკარგავს საკუთარ იმიჯს. მშობელი თავის შვილს იქ მიიყვანს, სადაც უკეთესი პირობა იქნება... განათლების სისტემაში აუცილებლად უნდა გადაწყდეს სწავლების ფორმა მე-3 საფეხურზე. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, შემოვიღოთ პროფილური სწავლება და მე-10-11-12 კლასებში მოსწავლე გაძლიერებულად სწავლობდეს იმ საგნებს, რომელიც მას მომავალში სჭირდება. მე-9 კლასით უნდა დასრულდეს ზოგადი განათლება ყველა დისციპლინაში.
-მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, ალბათ,  გაქვთ მოზარდებთან მიდგომის თქვენეული მეთოდები. ხომ არ გაუზიარებთ ჩვენს მკითხველს?
-რამდენიც ბავშვია,იმდენი განსხვავებული ხასიათის, მისწრაფების, სოციალური წარმომავლობის ინდივიდთან გვაქვს საქმე. პედაგოგმა ყველასთან უნდა დააბალანსოს ურთიერთობა, ეს მისი პროფესიაა და ამიტომ. არ განასხვავო ბავშვი, არ გაუჯიუტდე, მოეფერე, როგორც შეგიძლია დაეხმარე, შენში მზრუნველობა დაანახე და ადვილად დაიახლოვებ.
-რა არის ის, რასაც ეძებთ ყოველ მოსწავლეში?
-პირველ რიგში ზნეობას, მისწრაფებებს, ინტერესს...
-იქნებ ცოტა რამ თქვენს სკოლასა და პედაგოგიურ კოლექტივზე გვიამბოთ.
-ნიგოითის საჯარო სკოლა იზიარებს უმეტესი სოფლის სკოლის ბედს. მართლაც, მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მადლობა ღმერთს, ადამიანურ რესურსს არ ვუჩივით და მომავალი წარმატებებისათვის, სტატუსის ამაღლებას ვგულისხმობ, სამუშაო იგეგმება და დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ, მაგრამ აუცილებელია ტექნიკური მხარე, მატერიალური ბაზა, რომ ჩვენი მოსწავლეებიც ვაზიაროთ ამ სიკეთეს.
-რას ფიქრობთ დღევანდელ ახალგაზრდებზე, რამდენად მოტივირებული,  შრომისმოყვარე და ნიჭიერი მომავალი თაობა ჰყავს ჩვენს რაიონს?
-თაობა შესანიშნავი მოდის! ენერგიული, მოტივირებული, მიზანდასახული... მთავარია, ჩვენ ვმართოთ მათი მოთხოვნები და სურვილები. ამ მხრივ, საკმაოდ რთულები და პრეტენზიულებიც არიან... ეკონომიკური სიდუხჭირე ქვეყანაში თითოეულ მათგანზე აისახება... უამრავი ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრდება, დედ-მამა საშოვარზე არის გადახვეწილი... აბა, ჩავიხედოთ ასეთი ბავშვების გულში, მათ ფსიქიკას დავაკვირდეთ...  და მაინც კარგები არიან!
- ინტერვიუს დასასრულს, რას ურჩევთ მომავალ თაობას და ზოგადად, ქართველ ერს? რა სუსტ წერტილებს ხედავთ ჩვენს საზოგადოებაში და რა არის საჭირო მათ აღმოსაფხვრელად?
- მომავალ თაობას ვურჩევ, უფრო მეტად შეიყვაროს სამშობლო, თვალი ნუ გაექცევათ დასავლეთისკენ. გახსოვდეთ, თქვენი საკეთებელი საქართველოშია.
 ბატონმა გელამ სულ ახლახანს კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. აიმაღლა სტატუსი და გახდა წამყვანი მასწავლებელი, აგრეთვე, მისი დიდი წარმატება იყო წიგნის გამოცემაც. ჩვენ,  რა თქმა უნდა,  ვულოცავთ მას ამ წარმატებებს და უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ. გელა გეგუჩაძე,  როგორც პედაგოგი და ასევე,  როგორც ღირსეული,  პატრიოტიზმითა და სხვა არაერთი მისაბაძი თვისებით განმსჭვალული პიროვნება,  ნამდვილად არის მთელი რაიონისთვის საამაყო ადამიანი. 

მარიამ კვაჭაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 402
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა