ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ იყო სოფელი წლების წინ წელში გამართული

20-01-2021, 11:44

საერთოდ პაექრობაში ჩაბმა არ მიყვარს, მითუმეტეს სოციალურ ქსელებში, მაგრამ რადგან საქმე სოფლად ცხოვრებას ეხებოდა ჩუმად ვერ ვიქნებოდი, კომენტარი დავწერე, ჰოდა, წამოვიდა და წამოვიდა საპასუხო აზრები, ამიტომ ვარჩიე, ყველასთვის ერთად მეთქვა ჩემი სათქმელი. საქმე ეხება რეჟისორ ქეთი დოლიძის ნათქვამს, რომელიღაც ტელევიზიაში, სადაც დაახლოებით ასეთი აზრი გამოთქვა: ყველა თბილისში ვერ იცხოვრებს ელიავას ბაზრობაზე და ვაგზლის მოედანზე ჩაბუდებული. წადით, სოფელი და მიწა დაამუშავეთო. ვიმეორებ, ეს ნათქვამის ზოგადი შინაარსია, ჯერ ცოტას გადავუხვიე თემიდან, არ მწამს იმ ხელოვანების, სპორტსმენების, ექიმების, რომლებიც პოლიტიკაში ეჩხირებიან, მით უფრო, რომ საზოგადოებას მეტ სარგებლობას მოუტანენ თავისი პროფესიით, თუ ამის ნიჭი აქვთ.
ჩვენ, ვინც სოფელში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ბევრად მეტად შეგვტკივა გული იმაზე, რომ სოფელი დაცარიელდა, ვიდრე მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ სოფელში ყველაფერი თავისით მოდის, ოღონდ აქაურებს მუშაობა ეზარებათ.
ერთი მწერს, სოფელში რომ ჩავიდოდი ბავშვობაში, პაპას და ბებოს მარანი და ბეღელი სავსე ჰქონდათო, ახლა კი მუშაობა არავის უნდაო. შეიძლება მის ბავშვობაში ასეც იყო, იმასაც გეტყვით როგორ იყო ჩემს ბავშვობაში, ჩემი მშობლები მხოლოდ შინა მეურნეობით არ იყვნენ დაკავებულნი, ისინი ყოველდღე ფეხით გადიოდნენ გზას აცანიდან მამათამდე, რომ სკოლაში მისულიყვნენ, მაგრამ მაინც ძლიერი ოჯახური მეურნეობა გვქონდა, დედაჩემი სკოლაში წასვლამდე ჩაიში მიდიოდა და ფოტებს სავსეს ტოვებდა. ყოველთვის ჰყავდათ საქონელი, თანაც არაერთი, მამაჩემი რამდენიმე ,,საკალანდოს“ ზრდიდა, რაც ოჯახისთვის დიდი შემოსავალი იყო, ჰქონდათ ბოსტანი, სადაც აუცილებლად საჭირო ყველა ბოსტნეული მოჰყავდათ. მხოლოდ გვიან საღამოს იცლიდნენ თავიანთი პროფესიული საქმისთვის, მხოლოდ რამდენიმე საათი ეძინათ, ასეთი შრომის შედეგად ოჯახი წელში გამართული იყო, ზოგიერთი კი გაცილებით უკეთესად ცხოვრობდა.
მერე ყველაფერი შეიცვალა, ჯერ ჩაი გამოგვეცალა ხელიდან; ტყეში ნადირი მომრავლდა, საქონელს რომ ვუშვებთ, არ ვიცით თუ დაბრუნდება, თუ ვინმე გადაწყვეტს ,,საკალანდოს“ გაზრდას ამ დღის გათენება ხან სექტემბერში უწევს, ხან ოქტომბერში, ყანას რამდენიმე მოსახლე თუ დათესავს, რადგან დიდ ხარჯებს უკავშირდება. ბოსტნეული სხვადასხვა მიზეზით დამწიფებამდე ვერ მიდის. მოკლედ, ასე ვცხოვრობთ. გასაგებია, რომ ასე ოჯახის რჩენა ძნელია. ჰოდა, მიდიან უკეთესი ცხოვრების საძებნელად, ხან გამოსდით, ხან - არა. სოფელი კი ცარიელდება, მიუხედავად ამისა, საქართველო ყველასია  _ სოფლელისაც და ქალაქელისაც, არავის აქვს უფლება თბილისს ,,ჯაჭვის პერანგი,, შემოაქსოვოს და დააკანონოს ვინ სად იცხოვრებს. მათთვის, ვისაც ცხოვრება მოწყობილი აქვს, სხვისი დამოძღვრა და დამუნათება იოლია, სხვაც ისეთივე უზრუნველყოფილი ჰგონია, როგორც თავად არის, თუ გული ძალიან სთხოვთ, განკითხვას აჯობებს ჩამობრძანდნენ სოფელში, ,,აქაური ფეხსაცმელი“ ჩაიცვან და მერე ნახავენ თავიანთ მოსაზრებას უკან წაიღებენ თუ არა.
               მარინა ჩხაიძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 122
FACEBOOK კომენტარები