ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნიჭიერი ხელოვანი თუ გინდა, ნებისმიერი საქმე ხარისხიანად და წარმატებულად აკეთო, პირველ რიგში, ის უნდა გიყვარდეს

20-01-2021, 11:27

ყველა ადამიანს განსხვავებული მიზნები, ინტერესები და მიდრეკილებები აქვს, რაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მოქმედებს მათ მიერ არჩეულ პროფესიულ სფეროზე. თითოეულ ჩვენგანში არის რაღაც განსაკუთრებული და ღირებული, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან. 
როგორც უკვე ვთქვით,  ყველა ინდივიდი თავად ირჩევს სამომავლო პროფესიას, თუმცაღა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც,  რომ არსებობს სფეროები, რომელთაც არა არჩევა, არამედ ბუნებრივი შესაძლებლობები და ნიჭი სჭირდება.  ასეთია, მაგალითად,  სიმღერა,  ხატვა, მსახიობობა და ა. შ. ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს, რა თქმა უნდა,  ვერ აირჩევს ნებისმიერი ადამიანი,  რადგანაც გარკვეული ნიჭის გარეშე ეს მას არაფრით გამოუვა. ასეთ დარგებში მომუშავე პიროვნებებს ხელოვან ადამიანებად მოიხსენიებენ და მათ ერთი რამ აერთიანებთ  - ბუნებისგან თანდაყოლილი ნიჭი.
საბედნიეროდ,  ლანჩხუთის რაიონში საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ხელოვანი ბავშვების ინტერესების გაღვივება და მიდრეკილებების სათანადოდ, სწორი ფორმით გამოყენება. 
ლანჩხუთში ფუნქციონირებს ვილი ბარამიძის სახელობის საბავშვო სამხატვრო სკოლა, მუსიკის ცენტრი, სადაც სიმღერასთან ერთად ახალგაზრდები სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრასაც სწავლობენ, თითქმის ყველა სკოლაში არის ცეკვის წრეები და ა.შ. 
როგორც ვხედავთ,  არაერთი მიმართულებით შეუძლიათ თავიანთი ნიჭის გამომჟღავნება ჩვენი რაიონის მოზარდებს, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. 
თუ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ,  აუცილებლად უნდა ვახსენოთ მხატვარი დავით თავდიშვილი, რომელიც საკმაოდ ცნობილია რაიონში და არა მარტო აქ. შეიძლება ითქვას, მისი სამომავლო გეგმები პატარაობიდანვე ცხადი გახდა. ის იხსენებს,  რომ დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ხატვაში ატარებდა და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
დავითი მუშაობს, როგორც ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, ასევე ვილი ბარამიძის სახელობის საბავშვო სამხატვრო სკოლაში.მასწავლებლობის პარალელურად ის კერძო საქმიანობასაც ეწევა. აქტიურადაა ჩართული ეკლესია-მონასტრების ფრესკების მოხატვის საქმეში. ასევე, გაუკეთებია არაერთი შთამბეჭდავი ხელნაკეთი. 
ცხადია, დავითს ასობით ნამუშევარი აქვს. თითოეული მათგანი მისთვის განსაკუთრებული და სახასიათოა. როგორც ამბობენ,  მხატვრებს თავიანთი სულიერი მდგომარეობა გადმოაქვთ ფუნჯებით ნახატზე და ეს უდიდესი ჭეშმარიტებაა.  თითოეული ნამუშევრის ნახვისას შეგვიძლია,  დავინახოთ ის ემოციები და გრძნობები, რასაც ხატვის პროცესში განიცდიდა ავტორი.
მისი შემოქმედების შემადგენელი ნაწილია: პოპ-არტი, ალტერნატიული ქანდაკება, აბსტრაქცია..
მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია „რუსთაველი", რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ გრაფიკაზეა შესრულებული და არა მასალაში, თუმცა ამას თავად ავტორი უახლოეს მომავალში გეგმავს. „რუსთაველში" ავტორმა გადმოსცა ის ყველაფერი,  რაც დიდმა პოეტმა დაგვიტოვა. 
მას ტანის მაგივრად გადაშლილი წიგნი და ბერული შესამოსელი აქვს. გადაშლილ წიგნში გამოხატულია ის ყველაფერი, რაც „ვეფხისტყაოსნის" დედააზრს წარმოადგენს, ხოლო ბერული შესამოსელი დატვირთულია მე-12 ს-ში განვითარებული დარგების ატრიბუტიკით: ლითონი, მჭედლობა, ქვაზე მუშაობა...
„რუსთაველს" გულთან აქვს გამოხატული ქართული ვაზი. მის თავზე გამოსახულია ბროწეული - უფლის სიმბოლო, რაც თავად ავტორის რწმენაზე მიუთითებს და როგორც დავითი ამბობს: „ რუსთაველის პოემას ხშირად ჩვენს ენაზე დაწერილ ბიბლიას ადარებენ.“
ხელები გამოსახულია გადაჯვარედინებულად, როგორც მართლმადიდებელ მაზიარებელს.
დავითის ეს ნამუშევარი ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს. მისი ნახვისას თითქოს მთელი ეპოქა ცოცხლდება ჩვენს ირგვლივ.
დავითს არაერთი ალტერნატიული ქანდაკება აქვს გაკეთებული და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შემადგენელ მასალად თავისუფლად შეიძლება შეგხვდეთ ონკანის თავები, ქანჩები და სხვა ყოველდღიური გამოყენების ხელსაწყო. ავტორი ასე აფასებს თავისი შემოქმედების ამ ნაწილს: „ასეთი ნამუშევრები გამორჩეულად საინტერესოა იმიტომ,  რომ მათში ადამიანებს შეუძლიათ, დაინახონ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამ, ეს მათ ფანტაზიასა და აზროვნებაზეა დამოკიდებული.  მე შეიძლება მათ შესაქმნელად ონკანის თავი, ქანჩი ან სხვა მსგავსი უბრალო რამ გამოვიყენო, მაგრამ გამოვიდეს ღირებული რაღაც, ეს ნამუშევარი გარკვეულ შინაარსს ატარებდეს და მართლაც, ერთ-ერთ მათგანს მე სიცოცხლისა და სიყვარულის გასაღები ვუწოდე.“
მისი დიდი წარმატება იყო 2017 წელს გამარჯვება პროექტ „აწარმოე საქართველოში.“
დავითი ის პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს,  დაეხმაროს თავის მოსწავლეებს, მისცეს მათ სტიმული, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობები. 
ის  ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე გვესაუბრება: „სამწუხაროდ,  ხშირია შემთხვევა,  როცა მშობელი წყვეტს თავად მოზარდის ნაცვლად სამომავლო პროფესიას.  ეს, ჩემი აზრით,  უდიდესი შეცდომაა, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღების  უფლება მხოლოდ თავად ბავშვს აქვს. მშობლების ამ დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო მოზარდს მომავალში იმ საქმის კეთება უწევს, რაც არ აინტერესებს ან არ მოსწონს.  განსაკუთრებით ეს ეხება ჩემსავით ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ გარკვეული დარგისადმი. ამ ნიჭის დაკარგვა ან სათანადოდ დაუფასებლობა ყოვლად დაუშვებელია.  მინდა, ვუთხრა მომავალ თაობას,  რომ ზუსტად განსაზღვრონ, რისი კეთება მიანიჭებთ ბედნიერებას მომავალში, რადგან, თუ გინდა,  ნებისმიერი საქმე ხარისხიანად და წარმატებულად აკეთო, პირველ რიგში, ის უნდა გიყვარდეს.“
           მარიამ კვაჭაძე
ვიდეო მასალა იხილეთ 
ფაცებოოკ-ზე _ 
ჰო და არა _ ჰო და არა;

განყოფილება: ---
გადასვლები: 845
FACEBOOK კომენტარები