ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა – იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა

ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა – იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა
11-12-2020, 18:37

მე იმედს გამოვთქამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა მის ფასეულობებსა და რეალურ რესურსებს.
“ქვეყნის შიგნით პანდემიამ, ბევრ ტრაგედიასთან ერთად, ყველას მინდა მივუსამძიმრო, ვისაც ეს შეეხო, შექმნა ახალი მოცემულობა და დაგვანახა განვითარების სტრატეგიის აუცილებლობა, რომელიც აისახება გამოკვეთილი პრიორიტეტებში: პროფესიონალიზმი, ანუ განათლების, გამოცდილების და ცოდნის ერთობლიობა. პანდემიამ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პროფესიონალიზმის გადამწყვეტ როლს უკიდურესი საჭიროების ჟამს. ამასთან, გვაჩვენა ახალი კადრების მომზადების, ჩვენი ახალგაზრდების ნიჭის, მათი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერის აუცილებლობა. ჩვენ უნდა დავეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენი ზომის და ადგილმდებარეობის ქვეყნისთვის სწორი მიმართულება და ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე საიმედო გზაა. ეს კი მაღალი კვალიფიკაციის გარეშე არ ხდება. ამ თვალსაზრისით სამწუხაროა, რომ ქუთაისის ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობა ჯერ სათანადოდ ვერ არის აღქმული. რეგიონების გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ მმართველობას დაეკისროს მეტი პასუხისმგებლობა, მიეცეს მეტი ინიციატივის უფლება და მეტი მატერიალური, ადამიანური და პროფესიული რესურსი. პოლიტიკური კადრები რეგიონებში უნდა იწყებდნენ მოღვაწეობას და იქ მოიპოვებდნენ ნდობას. ამ თვალსაზრისით მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა. სოფლად დაბრუნება თავისთავად მოჰყვა პანდემიას. ახლა საჭიროა საფუძვლიანად მომზადდეს ეს პროცესი და ხელი შეეწყოს პროფესიონალი კადრების დამკვიდრებას სოფლად. ძლიერი რეგიონი ჩვენი მომავალი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი უნდა იყოს. ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების აუცილებლობა არსებული პანდემიის ფონზე ყველასთვის ნათელია! ამ სფერომ გამოავლინა კიდეც გარკვეული მდგრადობა კრიზისის დაძლევაში! თუმცა პრიორიტეტი უნდა გავრცელდეს მთლიანად მედიცინის დარგზე, რომელსაც ჩვენი ხვალინდელი ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან სექტორად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია. ამისთვის ერთ მთლიან სტრატეგიაში უნდა მოექცეს ყველა შესაძლებლობა და გამოცდილება, იქნება ეს ტრადიციული ხალხური მედიცინა თუ ახალ დაავადებებთან ბრძოლაში მოპოვებული თანამედროვე კომპეტენციები, ან კიდევ უზარმაზარი ბალნეოლოგიური, სარეაბილიტაციო და სამკურნალო პოტენციალი.
უნდა შეიქმნას ამ სტრატეგიის ერთი ბრენდი – „მედეა“, რომელიც დაგვიბრუნებს ბუნებრივ, ისტორიული ნიშას რეგიონსა და მსოფლიოში. ამ პრიორიტეტებში ვგულისხმობ ონკოლოგიას, რათა დავიბრუნოთ რეგიონული ცენტრის ფუნქცია და ბავშვები ქვეყნიდან გასვლის გარეშე გადავარჩინოთ! კულტურა – დროა გავიაზროთ არა როგორც გართობა, არამედ როგორც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი. ყველაზე მეტად კულტურის სფერო დაიჩაგრა პანდემიის პერიოდში. ამით საქართველო დაიჩაგრა, რადგან ქვეყნის გარეთ ჩვენ კულტურით გვიცნობენ, ქვეყნის შიგნით კი კულტურაა ჩვენი მაცოცხლებელი ძალა! ისიც უნდა ითქვას, რომ კულტურის სფერო საკმაოდ უმოქმედო აღმოჩნდა ამ ურთულეს პერიოდში. უცხოეთში ბევრი ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ ეარსება კულტურას ასეთ უჩვეულო და ურთულეს ვითარებაში. ჩვენთან ეს ნაკლებად მოხდა. საქართველოში კულტურას მეტი ყურადღება სჭირდება სახელმწიფოსგან, თუმცა საჭიროა დაფინანსების ძველი სისტემის გადახედვა, რათა წახალისდეს ინიციატივა, სტიმულირდეს კონკურენტუნარიანობა. ამ სფეროში საჭიროა მეტი ნოვაცია, მეტი შემოქმედებითი ენერგია, მეტი თავისუფლება და გამბედაობა. ამას სჭირდება ძლიერი მენეჯმენტი, საკუთარი ადგილის დანახვა და დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. ეკონომიკის ახალი პარადიგმა, პამნდემიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ბაზრის პრინციპებზე აგებული ეკონომიკა ვერ პასუხობს მსოფლიო დონის გამოწვევებს. მთავარი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის, განათლების და სოციალური სფეროს უზრუნველყოფისთვის კვლავ სახელმწიფოს ეკისრება და უნდა ეკისრებოდეს კიდეც. მაგრამ საჭიროა მოიძებნოს ახლებური ბალანსი, რომელშიც კერძო სექტორის თავისუფალი მოქმედების არეალი არ შეიზღუდება – პირიქით, უფრო დაცული გახდება – და სახელმწიფო სექტორის როლი კი, არსებითი დარჩება.
როგორც ვნახეთ, სახელმწიფო სექტორის გაქრობის გეგმა აბსურდული აღმოჩნდა. თუმცა, ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს კერძო სექტორისთვის დამახასიათებელი ეფექტურობა, მოქნილობა და ანგარიშვალდებულება ყოველ დახარჯულ ლარზე. ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, რომელიც დაეყრდნობა ჩვენს ფასეულობებს, ჩვენს რეალურ რესურსებს; რომელიც ახალგაზრდებს დაუბრუნებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომის სურვილს, უცხოეთში გახიზნულ ადამიანებს – ჩვენს დიასპორას – სამშობლოსკენ შემოაბრუნებს; რომელიც გაგვიჩენს განცდას, რომ გადავლახეთ წარსული და ვაშენებთ მომავალს. ახალი პოლიტიკა ვერ იქნება დაპირისპირების, დაყოფის და დაშლის. როგორც წარსულში, ურთულეს პერიოდებში, დღესაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული პრინციპი ,,ერთობითა და თანადგომითა მტერსა ზედა ძლევაი”. ეს იყოს ჩვენი გამაერთიანებელი, ეს იყოს ჩვენი მამოძრავებელი.
რამეთუ, აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა! ეს პასუხისმგებლობა დიდწილად ამ პარლამენტს ეკუთვნის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა, რამეთუ პასუხისმგებლობა ყველასგან მოითხოვს, რომ დღეს, ამ ვითარებაში, ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა, რომ ეს პარლამენტი იქნება ის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება. მე მინდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებს, ყველას მოგილოცოთ და გისურვოთ ყველას წარმატება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის! დიდი მადლობა!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

განყოფილება: ---
გადასვლები: 969
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა