ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გაფრთხილება მოსახლეობას – ამომღები კომპანიები მოქალაქეებს აშანტაჟებენ, ხანდაზმულ სესხებზე გადახდას სთხოვენ

გაფრთხილება მოსახლეობას – ამომღები კომპანიები მოქალაქეებს აშანტაჟებენ, ხანდაზმულ სესხებზე გადახდას სთხოვენ
17-11-2020, 14:33

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო თვის განმავლობაში, განსაკუთრებით გააქტიურდნენ კონკრეტული ფინანსური კომპანიები, რომლებიც იძულებისა და დაშინების ფორმებით, მოქალაქეებს მოუწოდებენ გადაიხადონ თანხები სამომხმარებლო სესხებზე, რომელთა მიმართაც მოთხოვნის სამართლებრივი ვადები გასულია ან მთავრობის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს გადახადის ვალდებულება აღარ გააჩნიათ. ორგანიზაცია ერთ-ერთ ასეთ კომპანიად „ფინანსურ ბიუროს“ ასახელებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ბერდია ჯაჯანიძის განცხადებით, გაუგებარია ასეთი კომპანიების ქცევისა და კეთილსინდისიერების საკითხი. არსებობს ორი ტიპის პრობლემა, როდესაც სესხი ხანდაზმულია ანუ ვადაგასულია და ფინანსური ვალდებულების შესრულების მოთხოვნა კომპანიას კანონი აღარ აძლევს, მაგრამ კომპანიები ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას და სხვადასხვა ფორმით მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადების აღდგენას და მეორე გარემოება, როდესაც 2018 წელს, საქართველოს მთავრობამ სესხების განულების პროგრამა განახორციელა, თუმცა უიმედო სესხების პორტფელი ბანკებმა თუ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამომღებ კომპანიებს გადასცეს. დღესდღეობით, ამომღები კომპანიები დაკავებულია ე.წ. უიმედო სესხებზე ხანდაზმულობის ვადების აღდგენით. ასეთი სესხებზე საერთო სასამართლოებში არაერთი სარჩელია წარდგენილი. სარჩელების პარალელურად, კომპანიის წარმომადგენელბი უკავშირდებიან პროცესის მონაწილე მხარეებს და სთავაზობენ დავის მორიგებით დასრულებას, ვალდებულების გადანაწილებს და რესტრუქტურიზაციას, პროცენტის განულებას და ძირი თანხის დაფარვას, რაც ხდება მუქარის, ზემოქმედებისა და დაშინების ტერმინოლოგიით. ორგანიზაციის წარმოებაშია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე ერთ-ერთი ასეთი საქმე და დაზარალებული მოქალაქეც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს მოქალაქეებს, რომ ამომღები კომპანიების ასეთი სატელეფონო შეტყობინებების პირობებში, არ დასთანხმდნენ ხანდაზმულ სესხებზე რაიმე პირობას და არ მოახდინონ ვალდებულების შესრულების დაპირება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელთან საუბარი იწერება, ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლები წინასწარ აფრხილებს მოქალაქეს, საუბარი კი შემდგომ  გამოყენებულია სასამართლოში იმის საჩვენებლად და მტკიცებულებად, რომ თითქოსდა მოქალაქე სასესხო ურთიერთობას რაიმე ფორმით აღიარებს.
ქართულ სამართლებრივ სივრცეში ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტსაც, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია. „….ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს…” (იხ. STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი). შესაბამისად, ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ასეთ სარჩელებს იურიდიული პერსპექტივა არ გააჩნია და ამომღები კომპანიების შანტაჟს არ უნდა დაემორჩილონ.
რაც შეეხება „ფინანსურ ბიუროს“, ორგანიზაციამ კომპანიას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და დაელოდება მართლმსაჯულების განხორციელებას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებსაც.

განყოფილება: ---
გადასვლები: 654
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა