ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„მრავალეროვანი საქართველო“ პარლამენტის არჩევნების დღეს დააკვირდება

30-10-2020, 17:33

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს დააკვირდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მრავალეროვანი საქართველოდან“ აცნობეს, არჩევნების დღის მონიტორინგს განახორციელებს ორგანიზაციის 600 დამკვირვებელი. მათ შორის, 465 საუბნო საარჩევნო კომისიის, 97 მობილური ჯგუფის, 24 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.„არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავს 24 მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) - ქვემო ქართლი; ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) - სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; კასპი (#15) - შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) - თბილისი.არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ოფისი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები იმუშავებენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან მიიღებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
არჩევნების დღეს სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას გაუწევენ პროგრამის იურისტები.
საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე მედია ოფისის მიერ შემდეგი განრიგის მიხედვით:
პრეს-რელიზი 11:30 სთ-ზე, რომელშიც აისახება და შეფასდება 07:00 - 08:00 საათებში, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი;
პრეს-რელიზი 15:30 სთ-ზე, რომელშიც აისახება და შეფასდება ამომრჩეველთა რაოდენობა და ხმის მიცემის პროცესი;
პრეს-რელიზი 19:30-სთ-ზე, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამომრჩეველთა ოდენობისა და ხმის მიცემის პროცესის შესახებ;
პრეს-რელიზი 21:30 სთ-ზე, რომელშიც აისახება და შეფასდება საარჩევნო უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესი;
პრეს-რელიზი 11:30 სთ-ზე არჩევნების დღის წინასწარი შეფასება. (1 ნოემბერი).
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერი - 511 130 176, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
ორგანიზაციის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამა მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

განყოფილება: ---
გადასვლები: 847
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა