ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სიღარიბე დაუძლეველ პრობლემად რჩება – საქართველოში ყოველი მე-7-ე ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს

სიღარიბე დაუძლეველ პრობლემად რჩება – საქართველოში ყოველი მე-7-ე ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს
1-10-2020, 16:09

საქართველოში მოსახლეობის 19% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი სოციალურ დახმარებაზე არის დამოკიდებული. ყველა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით სიღარიბე ერთ-ერთი წამყვანი ეროვნული პრობლემაა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში საარსებო შემწეობა 493 088 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 13.2%-ია, ანუ გამოდის, რომ დაახლოებით, ყოველი მე-7 ადამიანი საყოფაცხოვრებო დახმარებას იღებს.  წლიურად სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 14 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 138,483 ოჯახი და ჯამში, 493,088 ადამიანი იღებს. შემწეობაზე გადარიცხული თანხა აგვისტოში – 28,136,964 ლარს შეადგენს, ხოლო მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საარსებო შემწეობის სახით ბიუჯეტიდან 223,529,535 ლარი გაიცა
საქართველოში სიღარიბე უმეტესად რეგიონულ პრობლემას წარმოადგენს, მაღალმთიან დასახლებებში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეგისტრირებული მოსახლეობის 50%-საც აჭარბებს. სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობასთან მიმართებით ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი მესტიის რაიონშია, სადაც საარსებო შემწეობას მაცხოვრებელთა 59% იღებს, მას მოსდევს ამბროლაურისა და ონის რაიონები 46%-იანი სიღარიბის მაჩვენებლით.
რაც შეეხება რეგიონებს, აგვისტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი – 104,143 ადამიანი იღებს შემწეობას თბილისში; მას მოსდევს – 64,554 ადამიანით იმერეთი; მე-3 ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც 62,510 ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას. სხვა რეგიონებს რაც შეეხება, სტატისტიკა ასეთია: 1. ქვემო ქართლი – 54,325 ადამიანი; 2. კახეთი – 50,699 ადამიანი; 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 48,151 ადამიანი; 4. შიდა ქართლი – 46,494 ადამიანი; 5. გურია – 20,890 ადამიანი; 6. მცხეთა-მთიანეთი – 15,211 ადამიანი; 7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13,456 ადამიანი; 8.       სამცხე-ჯავახეთი – 12,655 ადამიანი.
რაც შეეხება საარსებო შემწეობის რაოდენობას, იგი  სარეიტინგო ქულების მიხედვით გაიანგარიშება. 2015 წლის 01 მაისამდე შეფასებული ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაა 57001-მდე, საარსებო შემწეობა შეადგენს: ერთსულიანი ოჯახისათვის 60 ლარს; ორ და მეტსულიანი ოჯახისთვის 60 ლარს დამატებული 48 ლარი ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე.
2015 წლის 01 მაისის შემდეგ შეფასებული ოჯახებისთვის ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია, განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე მეტია, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე, განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 57001-ზე მეტია, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე, განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 60001-ზე მეტია, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე, განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია, განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლის ასაკის წევრზე.
მიუხედავად იმისა, რომ დახმარების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ამ თანხით არსებობა ოჯახებისთვის შეუძლებელიც კია, იგი უმეტესად ამ ოჯახების ერთადერთ შემოსავალს შეადგენს. არადა, სოციალური პრობლემების გადაჭრა, სიღარიბის დაძლევა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება მუდმივი პოლიტიკური დაპირებაა, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ ვისმენთ, თუმცა, როგორც ვხედავთ, სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველ პრობლემად რჩება საქართველოში.

ინფრომაციის: წყარო
განყოფილება: ---
გადასვლები: 107
FACEBOOK კომენტარები