ძვირფასო რედაქცია!
,,ჰო და არაში” 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ შუშანა ვადაჭკორიას წერილთან დაკავშირებით, მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა.
ლიბერთი ბანკი არის ის ორგანიზაცია, რომელიც პენსიონერების გაჭირვებას არაფრად აგდებს, შეღავათის მაგივრად საათობით ვიტანჯებით პენსიის აღების დროს რიგში დგომით. ძირითადი არის ის, რომ ისედაც გაწამებულ ადამიანებს ტყავს გვაძრობენ სესხებზე იმდენი პროცენტი მიაქვთ.
რითი სჯობია დღევანდელი დღე იმ „ავადმოსაგონარ“ კომუნისტურ წლებს, როცა სიცოცხლე გვიხაროდა. ყველაფერი (სწავლა, სპორტი, ცეკვა, სიმღერა) უფასოდ ისწავლებოდა. ყველანი დასაქმებულები ვიყავით. სამსახურები ჩვენს დასვენებაზეც ზრუნავდნენ. იყო უფასო და შეღავათიანი საგზურები.
ახლა რა ხდება?
ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება (წამლები, პროდუქტები, კომუნალური გადასახადები). მხოლოდ ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რამდენიმე ანალიზი არის უფასო. რაც უფასო იყო, ისიც ფასიანი გახადეს, რასაც ვერ ვუმკლავდებით პენსიონერები. მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება.
მე 72 წლის ვარ. „ლიბერთი ბანკში“ ავიღე სესხი 2018 წლის 8 ოქტომბერს. 4-5 წლით. იმედია მიმიხვდებით, რომ თანხა თმების და ფრჩხილების გასაკეთებლად არ დამჭირდებოდა. ვისესხე ჯანმრთელობის საჭიროებიდან გამომდინარე. ყველა თვეში მიკავდება 60 ლარი. სესხის თანხა შეადგენს 1620 ლარს. თუ მივაღწიე 2023 წლის 14 აპრილამდე, ბანკს ჩემგან პროცენტის სახით წაღებული ექნება 1620 ლარი. ე.ი. იგივე თანხა, რაც მასესხა. ამას ჰქვია პენსიონრების დახმარება?
2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 22 თვეში პენსიიდან ჩამოჭრილი იქნება 1320 ლარი. აქედან პროცენტი წაღებული ექნება 927,73 ლარი, ხოლო მე გადახდილად მეთვლება 392,27 ლარი. რა ქვია ამას თუ არა ნებადართული ყაჩაღობა. კი ბატონო, მეტყვიან, ვინ დაგპატიჟა რატომ ისესხეო, მაგრამ გამიჭირდა. იმედი მქონდა რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და შვილების დახმარებით შევძლებდი დროულად დაფარვას. ახლა შვილებს მშობლებზე მეტად უჭირთ.
მე მინდა ვთხოვო მთავრობას პენსიონრების სახელით, იქნებ გაგვიწიოთ შუამდგომლობა ხანდაზმულ პენსიონრებს, იქნებ ჩამოგვაჭრან პროცენტის გადახდა და მხოლოდ ძირი თანხა დაგვაფარინონ, თორემ თუ ვერ მივაღწიეთ დაფარვამდე ბანკები მაინც დაზარალებულები დარჩებიან.
გთხოვთ „ჰო და არას“ რედაქციას მიიტანოთ ჩვენი სატკივარი მთავრობის ყურამდე.
პატივისცემით ა.კ.
29 აგვისტო,
როგორ იქცევიან პენსიონერები, როცა შვილებს მშობლებზე მეტად უჭირთ?
განყოფილება: ---
გადასვლები: 793