ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას შევცვლიდი და... ვერაფერსაც ვერ შევცვლიდი...

2-09-2020, 11:22

რას შეცვლიდი ლანჩხუთში? ამ კითხვით ,,ჰო და არამ“ უკვე მოიარა ჩვენი ქალაქი და მისი შემოგარენი. გამოითქვა უამრავი მოსაზრება და წინადადება...
რას შევცვლიდი მე? მინდა ვთქვა, რომ დიდს ვერაფერს შევცვლიდი მანამ, სანამ ხელისუფლებაში,  არ მოხდება ძირეული ცვლილებები.
ახალგაზრდებს სურთ მეტი კულტურული დაწესებულება იყოს რაიონში, მაგრამ ამას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, კერძო პირმა უნდა გააკეთოს. ამ ყველაფრისთვის მოთხოვნილებასთან შესაბამისობაში მყოფი მოსახლეობის გადახდის უნარიანობის არსებობაა საჭირო. მარტივად რომ ვთქვათ, კარგად რომ დაისვენო, კარგი ხელფასი უნდა გქონდეს. ახალგაზრდობის ინტერესები იქეთ იყოს და ჩვენც,  უფროს თაობას, გვაინტერესებს, სპა-მასაჟებისა და სხვა გამაჯანსაღებელი დაწესებულებების არსებობა, რომლებიც ოცნებებში  ნელ-ნელა ილექებიან.  რაც შეეხება ინფრასტრუქტურას _ 21-ე საუკუნეში ოღროჩოღრო გზები,  გაუვალი სანიაღვრე არხები და უსახური შენობები აღარ უნდა იყოს ჩვენს ირგვლივ. მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება კულტურულ გართობას,   იმაზეა დამოკიდებული, როგორ იქნება განვითარებული რაიონის ეკონომიკა და შეეწყობა თუ არა ხელი კერძო ბიზნესს. 
ჩვენი მსჯელობის ათვლის წერტილად კვლავ რჩება კომუნისტური ეკონომიკა, რადგან უკეთესი ჯერ არ გვინახავს. გვახსოვს, რომ არსებობდა საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლები, რომლებიც მაშინ სახელმწიფო საკუთრება იყო. არ შემიძლია არ გავიხსენო ის, რაც ჩვენი ბავშვობის ნაწილია. ყოველი პირველი სექტემბერი იმიტომაც გვიხაროდა, რომ ახალ სასკოლო ფორმას სწორედ ამ ინდკერვის ატელიებში შევიკერავდით, თუნდაც გამოშვების საღამოსათვის პირველად გაკეთებული მანიკური და ახალი ვარცხნილობა, პედიკური კი, უფრო სტუდენტობის დროინდელი ფუფუნება იყო. ბიბლიოთეკა, სადაც ყველაზე ხშირად დავდიოდით, ახლა ბევრს აღსრც კი ახსოვს.  კარგად დავიწყებული ძველი, უკვე ახალია, რაც მოდას ქმნის, მოდა კი ეკონომიკის გარეშე არ არსებობს. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი პირველი პროფესია მოდას და ტანსაცმელს უკავშირდებოდა,  რომელიც ვერასოდეს ვერ გამოვიყენე და ახალგაზრდობის ნოსტალგიად დამრჩა. 
კერძო საკუთრება, რომ უკეთესია, ჩვენ კი არა ქალაქის ცენტრში დაყუდებულმა აჯანყებულმა გურულმაც მიხვდა. ახლა იმის გვეშინია ხელმეორედ არ აჯანყდეს. ცვლილებები გვინდა? სადაა მერე? მთავარი ისაა მოთხოვნა- მიწოდების ბალანსი არსებობდეს, რაც მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე გადის. 
ათასგზის გვაწვალებს კითხვა, რას შევცვლიდით ჩვენს ქალაქში? უნდა ვაღიაროთ, რომ დიდს ვერაფერს შევცვლიდი, სანამ  ძლიერნი ამა სოფლისანი, არ მიხვდებიან, იმას, რომ აქა ვდგავართ და სხვანაირად არ ძალგვიძთ. 
მაია კუკულაძე

განყოფილება: ---
გადასვლები: 33
FACEBOOK კომენტარები